როგორც არ უნდა დასრულდეს „ინტერ რაოსთან“ დავა, ეს არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაოსთან“ საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება გაფორმდა.

„წინა ხელისუფლების დროს, 2007 წელს გაფორმდა საკმაოდ მძიმე, არ მინდა, გამოვიყენო სიტყვა კაბალური, საკმაოდ მძიმე შეთანხმება, ხელშეკრულება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან. 2011 წელს გარკვეული ცვლილებები არის შეტანილი, რომლითაც 2025 წლამდეა დადგენილი შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც მათ შორის „თელასმაც“ უნდა მიიღოს ტარიფების მომატების გზით“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, 2014 წელს „სემეკის“ მიერ დადგენილი ტარიფები იყო ობიექტური და უფრო მაღალი ტარიფი არ უნდა დადგენილიყო და არ უნდა დადგინდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ინტერ რაო“ ამას ითხოვს.

„ამ სასამართლოს დროს, რომელიც მიმდინარეობდა თითქმის 6-7 წელიწადი, სახელმწიფოს პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ტარიფები არ უნდა გაზრდილიყო იმ ნაწილში, რომელსაც ითხოვდა „ინტერ რაო“. ზოგადად, ყოველთვის ასეთ დროს ჩვენ ამოვდივართ მოსახლეობის, მოქალაქეების ინტერესებიდან, რადგან მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა ძალიან სენსიტიური თემაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად ეს არ მოხდეს.

საბოლოო ჯამში, არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა მოთხოვნა, რასაც აყენებდა „ინტერ რაო“, 200 მილიონზე მეტს ითხოვდნენ ისინი და ამ ეტაპზე 80 მილიონი არის დადასტურებული. იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს დავას და ალბათ უპრიანია, რომ დეტალები იუსტიციის სამინისტროს ჰკითხოთ. როგორც არ უნდა დასრულდეს დავა, ეს არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე. ეს არის ჩემი პასუხი. რადგან დავა მიმდინარეობს, უფრო მეტ დეტალში არ შევალ. „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებდა და აკეთებს იმას, რომ მინიმალური დაწოლა იყოს მოსახლეობის ტარიფებზე. ეს შეეხება როგორც ბუნებრივ აირს, ასევე ელექტროენერგიას. მიუხედავად იმისა, „ოცნების“ ხელისუფლებას მანამდე ხელმოწერილი რა მძიმე ხელშეკრულებაც დახვდა, ტარიფების ზრდა ამ ნაწილში არ მომხდარა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სარჩელის საფუძველზე, სტოკჰოლმის სასამართლომ ქართულ მხარეს 80,5 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.