სააკაშვილი ადვოკატი – ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება და მისი უნარების შეზღუდვა, რათა ვერ შეძლებოდა სასამართლოზე წარდგენა

ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება და მისი უნარების შეზღუდვა, რათა ვერ შეძლებოდა სასამართლოზე წარდგენა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უნდა ძლიერი იყოს ეჭვი, საჭიროა, რომ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტების აზრს დაელოდონ.

„ბევრჯერ მითქვამს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაზე სრული წვდომა ჩვენ არ გვქონდა. სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე პირველი დღიდან ითხოვდა ფსიქიატრის ჩართულობას. ამას „ქართული ოცნების“ სპიკერებმა მიაბეს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მენტალური პრობლემები. სწორედ ფსიქიატრის ჩართულობა იყო საჭირო, რომ მას შეეფასებინა დანიშნული მედიკამენტების საჭიროება. ამის შემდეგ კონსილიუმებსაც არ ჰქონიათ თავისუფალი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან. სამთავრობო კონსილიუმი სულ რამდენჯერმე შეხვდა გორის ჰოსპიტალში გადმოყვანამდე. ამიტომ დაცვის მხარეს სრულად რომ გამოეკვლია სამედიცინო მდგომარეობა და შეეფასებინა, დანიშნულება არ გვქონდა.

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით კომბინაციაში და როცა ვისმენთ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ამის საჭიროება არ იყო, ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება და მისი უნარების შეზღუდვა, რათა ვერ შეძლებოდა სასამართლოზე წარდგენა. ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო შორს მიმავალი გეგმები არსებობდა.

მედიკამენტი, რომელსაც გლდანსა და რუსთავში იღებდა, მარიამ ჯიშკარიანთან შეთანხმებული მედიკამენტი ფიზიკურად ვერ იქნებოდა. იმ პრეპარატის მიღება, რომელზეც ვსაუბრობთ, დაიწყო რუსთავში. სამედიცინო ისტორია არ გვაქვს და ვერ გეტყვით, აქ იყო თუ არა შეთანხმებული. რუსთავსა და გლდანში ყოფნის პერიოდი მარიამ ჯიშკარიანის ექსპერტთა ჯგუფი შექმნილი, შესული არ იყო. პრეპარატის მიღება, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩემი ინფორმაციით, დაიწყო რუსთავში. შესაბამისად, იქ ჯიშკარიანი ვერაფერ შუაში ვერ იქნება. ცხადია, ეჭვები გვიჩნდება, თუმცა ყველაფერს სჭირდება საფუძველი. რაც არ უნდა ძლიერი ეჭვები იყოს, ახლა უნდა დაველოდოთ სპეციალისტების აზრს. თუ გვექნება საფუძველი, რომ მივმართოთ სამართალდამცავ უწყებებს და მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება, ამას გავაკეთებთ. თუ იქნება იქ ადამიანის უფლებების დარღვევა, ცხადია, გამოვიყენებთ სტრასბურგში. თუ კონსილიუმის დასკვნები და სამედიცინო მოსაზრებები ამას დაადგენს, იქნება ძალიან ძლიერი არგუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოსთვის ძალიან დიდი ფასის გადახდის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.