ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შემცირდა

მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, PfaizerBioNTech ბუსტერ დოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.

Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით („სინოვაკი“, „სინოფარმი“) აცრილი პირებისათვის ბუსტერ დოზა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.

„COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.