იაგო ხვიჩია – „შემირიგდი, შენი დედაც ვატირე“ – სერიოზული არ არის! ეროვნული შერიგების დიდი გულშემატკივრები ვართ

ჩვენ ეროვნული შერიგების დიდი გულშემატკივრები ვართ – იმდენად გვინდა ამ თემაზე დამატებით ინფორმაცია მივიღოთ, რომ ჩვენი თანაპარტიელი ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის უფრო ღრმად სასაუბროდ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მათთვის სასიხარულოა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ეროვნული შერიგების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

მისივე თქმით, “გირჩი” გაზაფხულიდან სწორედ ამ თემაზე საუბრობს, რის გამოც ოპოზიციურმა მედიამ მათ “ქართულ ოცნებასთან” შეკრული უწოდა.

“ჩვენ პირველ რიგში, გვაინტერესებს, მიხეილ სააკაშვილს ეს როგორ წარმოუდგენია. ნათქვამი: – შემირიგდი, შენი დედაც ვატირე – სერიოზული არ არის! ვფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს ამ თემაზე სერიოზული არგუმენტები და პოზიცია ექნება. საბოლოო ჯამში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, შერიგება არ გამოვა. მისი ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა აპატიოს. როგორ უნდა მოხდეს ეს, დრომ უნდა გვაჩვენოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.