თუ საქართველოში „ომიკრონი“ დაფიქსირდა, შემოსვლიდან ძალიან მალე გახდება დომინანტური – მისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალება ბუსტერ დოზების გაკეთებაა – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „ომიკრონს“ გაციების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.

„თუ საქართველოში „ომიკრონი“ დაფიქსირდა, შემოსვლიდან ძალიან მალე გახდება დომინანტური. ომიკრონისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალება იქნება ბუსტერ დოზების გაკეთება. ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმპტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით.

ომიკრონის სავარაუდო საფრთხის შემთხვევაში აუცილებელია იმ ადამიანების დაცვა, რომლებმაც კორონავირუსის გადატანის შემდეგ მიიღეს იმუნური პასუხი. იმისათვის რომ ადამიანი გაუმკლავდეს წარმატებით და არ მოხდეს რეინფიცირება აუცილებელია ვაქცინა“, – აღნიშნა ჩხაიძემ.