გიული ალასანია – არავითარი საზღვარი არ არსებობდა, ვიდრე სააკაშვილის პრეზიდენტობა არ დაიწყო, მთელი სასაზღვრო სისტემა მისი შექმნილია, რისთვის ასამართლებენ?!

სააკაშვილს ხალხის და მათი აქტიურობის იმედი აქვს, – ამის შესახებ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალში შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი საკმაოდ სუსტად გამოიყურება.

„იგივე მდგომარეობაა, ხან ზის, ხან წევს. გუშინ განწყობა ჰქონდა, რომ დილას როგორც იქნებოდა, იმის მიხედვით მიიღებდა გადაწყვეტილებას სასამართლო პროცესზე დასწრებაზე. შემდეგ გავიგე, რომ შეუტყობინებია, სისუსტის გამო ვერ წავალო. აშკარად არის სუსტად, მიზეზი რა არის, არ ვიცი. ხალხის და აქტიურობის იმედი აქვს. ნამდვილად არ არის კარგად, ღონე არ აქვს ადამიანს, ასეთი ჩემი შვილი არ მახსოვს, მუდმივად მოძრაობაში იყო, რა გააჩერებდა და ახლა რაღაც სულ საწოლისკენ უჭირავს თვალი. მასთან რომ ვარ ხოლმე, პარალელურად მუშაობს, შენიშვნებს აკეთებს, რაღაცას წერს, ტელევიზორს შეხედავს. ფაქტობრივად, საუბარი მაინც და მაინც არ გამოგვდის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მან კითხვის საპასუხოდ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილს სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება და თუ გადაყვანა განხორციელდა, ის მხოლოდ ნორმალურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

„მე რომ მკითხოთ, გადაყვანა თუ იქნება, უნდა იყოს მხოლოდ სადმე ნორმალურ კლინიკაში. ნამდვილად სჭირდება რეაბილიტაცია. რასაც ვხედავ, იმის მიხედვით შემიძლია მსჯელობა – მაინც და მაინც არ მომწონს, სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება. შეიძლება ექიმებს არ ჰყოფნით ამის გამოცდილება, არ ვიცი, რამდენი შემთხვევა ჰქონდათ 50-დღიანი შიმშილობის, ალბათ, სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება.

უკრაინაზე შიგა და შიგ ვისაუბრეთ. მაგალითად, მე თავადაც მივმართე უკრაინის ხელისუფლებას თხოვნით, რომ ჩართულიყვნენ, ჰქონოდათ საუბარი ჩვენს ხელისუფლებასთან. მისი სურვილია, რომ აქ იყოს და მოიკლას თავი ამ ქვეყნისთვის, კი ბატონო, მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ამ ეტაპზე ვხედავ, რომ ასეთი ენერგიით რომ განაგრძოს საქმიანობა, სჭირდება რეაბილიტაცია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიამ კითხვას: „ეთანხმებით თუ არა საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალდებას“, ასე უპასუხა:

„თქვენ ხომ გახსოვთ, არავითარი საზღვარი არ არსებობდა, ვიდრე ამის პრეზიდენტობა არ დაიწყო. მთელი ეს სასაზღვრო სისტემა არის ამისი შექმნილი. ვის ასამართლებ, რისთვის ასამართლებენ“, – განაცხადა ალასანიამ.