ნიკა სიმონიშვილი – მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ერიკა ოლსონის თანამდებობას – პარტნიორების მისამართით ასეთი განცხადებები სერიოზულობის ვერავითარ ფილტრში ვერ ჯდება

მე მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა თანამდებობა უკავია ერიკა ოლსონს და რა მნიშვნელობა აქვს მის თანამდებობას. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი განცხადებები პარტნიორების მისამართით, უბრალოდ ვერავითარი სერიოზულობის ფილტრში ვერ ჯდება, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გასაგები იქნებოდა მსგავსი განცხადებების გაკეთება საქართველოს მტრების მისამართით, მაგრამ როდესაც ისინი ჟღერდება იმ ქვეყნის წარმომადგენელთა მიმართ, რომელიც საქართველოს 30 წლის განმავლობაში უჭერს მხარს, ეს ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია.

„მე მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა თანამდებობა უკავია ერიკა ოლსონს და რა მნიშვნელობა აქვს მის თანამდებობას. თუ ხვდება და ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის. თუ ვერ ხვდება და ისე აკეთებს ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დამაზიანებელია. ეს ჩვენ არა მარტო კახა კალაძის მხრიდან მოვისმინეთ, მოვისმინეთ პარტიის ხელმძღვანელის მხრიდანაც კელი დეგნანის მიმართ, უბრალოდ არ გაჩერდა ეს ადამიანი და აგრძელებს და აგრძელებს განცხადებებს. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი განცხადებები პარტნიორების მისამართით უბრალოდ ვერავითარი სერიოზულობის ფილტრში ვერ ჯდება. ამდენად მიჭირს ამ საკითხთან დაკავშირებით მეც სერიოზული შეფასება გავაკეთო. ასეთი პოლიტიკის წარმოება უბრალოდ არის მიუღებელი. ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორებზე და არა ჩვენს მტერზე. ჩვენ რომ მოვისმინოთ ასეთი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ, როდესაც ვისმენთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართულებით ასეთ განცხადებებს, რომლებიც საქართველოს 30 წელია უჭერენ მხარს, რომ ქვეყანა გადარჩეს და უბრალოდ არ გადაგვყლაპოს ჩვენმა მეზობელმა და ამ ადამიანებისა და ამ ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ, როდესაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს, ერთი რომ არასერიოზულია და მეორე, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის არის ძალიან დამაზიანებელი,“ – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.