ბექა დავითულიანი: ხალხმა ხმა კი მოგცა, მაგრამ 47%-ის ნება და ხმა უარყავი, წადი სახლში, დაისვენე, მე მოვალ ხელისუფლებაში, მიხეილ სააკაშვილს გავათავისუფლებ და მერე შევრიგდეთ – ასე შერიგება არ ხდება

„შერიგება ხდება სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. კი, ბატონო, შერიგება ძალიან კეთილშობილური იდეაა, მაგრამ ჯერ საზოგადოებაში შერიგების განწყობა უნდა იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მე და თქვენ შევრიგდეთ, ის განადგურებული ოჯახები რას შვებიან? ანუ მათ უფლებებს უარვყოფთ? ეს საზოგადოების ის ნაწილი იქნება, რომელიც ამ შერიგებაში ვერ გამოგვყვება და ისევ ასეთი დაქსაქსულები ვიქნებით“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, პოლარიზაციას გარკვეულ საკითხებზე სამართლიანი პირობებით მორიგება განმუხტავს.

„როგორ უნდა ვისაუბროთ სამართლიან პირობებზე, როდესაც ოპოზიციის ნაწილი პირდაპირ თვალებში გვაყრის ნაცარს და გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის უსამართლოდ იხდის სასჯელს და შერიგება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების საბაბად უნდა გამოიყენონ. ყოველი არჩევნების შემდეგ საუბრობთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ხალხმა ხმა კი მოგცა, მაგრამ 47%-ის ნება და ხმა უარყავი, წადი სახლში, დაისვენე, მე მოვალ ხელისუფლებაში, მიხეილ სააკაშვილს გავათავისუფლებ და მერე შევრიგდეთ – ასე შერიგება არ ხდება“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.