ალექსანდრე რაქვიაშვილი – ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი ქვეყნის სიღარიბის არის ეროვნული ბანკი

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი ქვეყნის სიღარიბის, საბოლოო ჯამში, არის ეროვნული ბანკი და ფულის ემისია, რომელიც ყოველწლიურად ხდება. ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც ყველას უნდა აღელვებდეს“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტის მიერ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს გამოეხმაურა.

„ამ კვირას ჩვენ უნდა დავამტკიცოთ მონეტარული პოლიტიკის დოკუმენტი ან არ დავამტკიცოთ და პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსიროთ. ამ დოკუმენტის დამტკიცებით და არ დამტკიცებით, ტექნიკურად არაფერი რა შეიცვლება, მაგრამ ეს იქნება მინიშნება, პარლამენტი სად არის. იზიარებს იმასაც, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს თუ არ იზიარებს. არ არსებობს ამ დარბაზში ადამიანი, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ამ ქვეყნის გაღარიბება, თუ ქვეყნის მტერი არი არის ვინმე. თუ არავის ინტერესში არ არის, არც ქართული ოცნების, არც ოპოზიციური პარტიის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ მართლა დავაფიქსიროთ პოლიტიკური პოზიცია, ჩვენ კმაყოფილი ვართ 12%-იანი ინფლაციით? შეგვიძლია ვაპატიოთ ეროვნულ ბანკს 14%-იანი ინფლაცია, რომელსაც გვპირდება შემდეგ თვეში? ვაპატიოთ, რომ უკვე რამდენიმე წელია, ზედიზედ, მაღალი ინფლაციის პირობებში ვართ და ვაპატიოთ ის, რომ როგორც ეროვნული ბანკი გვპირდება, პრინციპში არც არაფერს გააკეთებს და ამას უნდა შევეგუოთ. ჩემი გადმოსახედიდან, არ არსებობს ერთი არგუმენტიც კი, თუ რატომ უნდა დავეთანხმოთ ეროვნულ ბანკს და რატომ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ეს პასუხისმგებლობა ამ მავნებლობაზე. ყველას მოგიწოდებთ რომ ეს პოზიცია დავაფიქსიროთ. შეიძლება ეს იყოს კარგი მაგალითი, რომ ყველანი ვთანხმდებით მნიშვნელოვან საკითხზე“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.