ნანა კაკაბაძე – ნინო ლომჯარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, არ არის იმ როლში, რასაც ავალდებულებს კანონი, მიკერძოებულად, მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებაშია გულმოწყალე

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ბოლო დროს საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან.

კაკაბაძის თქმით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არის მიკერძოებული და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის დანამატი.

„მინდა, ყურადღება გავამახვილო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ბოლო დროს გამოვლენილ ორმაგ სტანდარტებზე. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ომბუდსმენის შეფასება, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება, გადაყვანილი იყოს გლდანის მერვე დაწესებულებაში. თუმცა, რასაც ობუდსმენი ამბობდა, არ ჰქონია არანაირი ახსნა, არც ლოგიკურად არანაირი ახსნა არ აქვს ამას გარდა იმისა, რომ ის არის მიკერძოებული, ის არის ამ პარტიის დანამატი ქვეყანაში, ის არ არის იმ როლში და იმ ფუნქციაში, რასაც მას ანიჭებს ობუდსმენის შესახებ კანონი, რაც მთავარია, რასაც ავალდებულებს კანონი, რომ იყოს თანაბარი, კანონის შესაბამისი თავის შეფასებებში და თავის ქმედებებში. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ის მიკერძოებულად, მხოლოდ ერთ ადამიანთან მიმართებაში, ბრალდებულ და მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებაში არის გულმოწყალე.

ამას მხოლოდ გულმოწყალებაში ვერ ჩავთვლით, ამას ალბათ სხვა, გაცილებით ღრმა ფესვები აქვს, რომელიც შეიძლება, იყოს დაფარული, მაგრამ არაფერია დაფარული და აეხდება ფარდა, რა დგას ამის უკან. ამის უკან დგანან პატიმრები, რომლებიც ისმენენ ომბუდსმენის ამ შეფასებას და ბუნებრივია, მათ აქვთ პროტესტის გრძობა. უკვე არა მარტო იმ პატიმრის მიმართ, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა სისტემურ დანაშუალს, ციხეში წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას, არამედ დღეს უკვე იმ სახალხო დამცველის მიმართ, რომელიც ასეთი არასამართლიანი, მიკერძოებულია“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

სახალხო დამცველთან არსებული მედიკოსთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო, მიხეილ სააკაშვილი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა გადაიყვანონ.