ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა – ირაკლი ღარიბაშვილი

ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეს.

„დიდი მადლობა ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობას გიხდით დღეს ნატო-ს სათაო დაწესებულებაში ჩემი მასპინძლობისთვის. ნატო-საქართველოს დინამიური ურთიერთობების, სრულყოფილი დღის წესრიგის და, რა თქმა უნდა, ჩვეული ინტეგრაციის გზის განხილვა ყოველთვის დიდი პატივია. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა რეგიონში, ქვეყანაში, ვისაუბრეთ არსებულ მოვლენებზე, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა. ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საბოლოო ჯამშიც ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მინდა ყველას გაგახსენოთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. მაშინ ეს ძალიან ძლიერი გზავნილი იყო და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. სწორედ ამიტომ გულდასმით ვშრომობთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე. საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს. ეს გადაწყვეტილება ის ქვაკუთხედია, რომელსაც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ეფუძნება. გვჯერა, რომ ამ არჩევანის წარმატებული განხორციელება ისევე აქტუალურია ნატო-სთვის, როგორც საქართველოსთვის. პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების შედეგად. ადგილზე ნატო-ს საქმიანობის მასშტაბიც იზრდება. ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, თქვენ და მოკავშირეებს მადლობას გიხდით ძალისხმევისა და ერთგულებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.