ალბათ, თვე-ნახევარი, 2 თვე იქნება ის მაქსიმალური პერიოდი, როდესაც „ომიკრონი“ მთლიანად ჩაანაცვლებს ახალ ყოველდღიურ შემთხვევებს – ბიძინა კულუმბეგოვი

დაფიქსირებიდან ალბათ თვე-ნახევარი, ორი თვე იქნება ის მაქსიმალური პერიოდი, როდესაც „ომიკრონი“ მთლიანად მოახდენს ახალი ყოველდღიური შემთხვევების ჩანაცვლებას, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის, განსაკუთრებით კი „ომიკრონის“ შტამის მიმართ მილიონზე მეტი ადამიანი რჩება მოწყვლადი.

„ძალიან დიდი ალბათობით „ომიკრონის“ არსებობა ალბათ საქართველოში იქნება. კლინიკური სიმპტომებით, ამ ფორმების ამოცნობა ერთმანეთისგან შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია „ანტიგენის“ და „პისიარ“ ტესტირებით. დაფიქსირებიდან ალბათ თვენახევარი, ორი თვე იქნება ის მაქსიმალური პერიოდი, როდესაც „ომიკრონი“ მთლიანად მოახდენს ახალი ყოველდღიური შემთხვევების ჩანაცვლებას. ეს ასე ვთქვათ ჩვეულებრივი მოვლენაა, ასეთი სწრაფი გავრცელება, მაღალი რეპროდუქციოული ინდექსის მქონე ვირუსისთვის. მოსახლეობის 35%, ანუ მილიონზე მეტი ადამიანი რჩება მოწყვლადი, განსაკუთრებით ამ „ომიკრონის“ მიმართ. ამიტომ, მოსახლეობის ამ ნაწილს მივმართავთ, რომ პირადი ჰიგიენის ნორმები, პირბადე და ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც შეიძლება ჩვენ წინ აღვუდგეთ „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას ქვეყანაში“, – აცხადებს კულუმბეგოვი.