სალომე ზურაბიშვილი – როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყების ვალდებულება

გზა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს კითხვა დაუსვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების, მისი დაპატიმრებისა და შიმშილობის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ქცევა არ იყო პასუხისმგებლიანი.

„ეს ძალიან ცუდ იმიჯის იძლევა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახდა, დღესაც უკრაინელია, უკანონოდ დაბრუნდა ამ ქვეყანაში და პოლიტიკური არასტაბილურობის გაღვივებას უწყობს ხელს, რაც საჭირო არაა. ჩვენი პარტნიორების გარკვეული ნაწილი მას ამ ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა, მან არ მოუსმინა. შესაბამისად, ეს ძალიან ცუდია, ძალიან ცუდად ჩანს. ყველაზე ცუდი, ყველაზე პრობლემური დღეს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა და ეს მოვლენა მხოლოდ ამძაფრებს პოლიტიკურ პოლარიზაციას. ამიტომ, ჩემი თვალსაზრისით, ეს ქცევა არ იყო პასუხისმგებლიანი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ეუთო-ს შეფასებაზე დასმულ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები უარყოფითი იყო.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ და საარჩევნო რეფორმამ, რომელიც მას უძღოდა წინ და, უფრო მეტიც, ODIHR-ის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა, გამოიღო შედეგი და საარჩევნო ადმინისტრაციამ, პირიქით, მოწონება დაიმსახურა. მთავარი ის კი არ არის, არჩევნებმა ცუდად ჩაიარა თუ არა, ის არის, რომ არჩევნების მიუხედავად, შარლ მიშელის ძალისხმევის მიუხედავად, უკიდურესი პოლარიზაციის მდგომარეობაში ვრჩებით. და გირჩევთ, მოუსმინოთ გამოსვლას, რომელიც ჩავწერე დემოკრატიის სამიტისთვის და რომელშიც, იმ ვალდებულებებს შორის, რომელსაც საქართველო იღებს ამ სამიტის ბოლოს და რომელიც კიდევ ერთხელ არის მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმის გაგრძელება და გაღრმავება. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება, და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება. ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.