მიხეილ დაუშვილი უმრავლესობას ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე – თუ შეგიძლიათ კონკრეტული დოკუმენტი გვაჩვენოთ, სად დადგა ფუნქციური კონფლიქტის რისკი, გვაჩვენეთ და იქნებ ჩვენც დავიჯეროთ, რომ მართლა რეფორმა გინდათ და არა კონკრეტული ადამიანის უბრალოდ თანამდებობიდან გაშვება

თუ შეგიძლიათ კონკრეტული დოკუმენტი გვაჩვენოთ, სად დადგა ფუნქციური კონფლიქტის რისკი, გვაჩვენეთ და იქნებ ჩვენც დავიჯეროთ, რომ მართლა რეფორმა გინდათ და არა კონკრეტული ადამიანის უბრალოდ თანამდებობიდან გაშვება, – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტ საბჭოს წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა უმრავლესობას  პარლამენტის სხდომაზე , სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

მიხელ დაუშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს სთხოვა, დაესახელებინათ ერთი მაგალითი, როდესაც ვერ ან არ დაიცვა მოქალაქის უფლებები სახელმწიფო ინსპექტორმა, ქართული ოცნების გარდა ქვეყნის შიგნით არის თუ არა ვინმე ამ ინსტიტუტის მუშაობით უკმაყოფილო.

„ნებისმიერი ცვლილება, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ორგანოს მიმართ ხორციელდება, რაღაცა მიზანს უნდა ემსახურებოდეს. წესით, ეს მიზანი, რასაც პარლამენტი აკეთებდეს უნდა იყოს მოქალაქის საჭიროებები. კითხვა არის ასეთი, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორი იცავს ადამიანთა უფლებებს ორი მნიშვნელოვანი მიმართულებით: ერთი ეს არის მონაცემები და მეორე ეს არის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩადენილი დანაშაული. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, უკმაყოფილო მოქალაქე თუ გყავთ ვისი უფლებაც ვერ დაიცვა სახელმწიფო ინსპექტორმა ან ვისი უფლებაც დაარღვია ან რეაგირება არ მოახდინა, საერთოდ უკმაყოფილო თუ არის ვინმე თქვენ გარდა ამ ორგანოს მუშაობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“ – განაცხადა დაუშვილმა.
მიხეილ დაუშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს ანალიზის წარდგენა მოსთხოვა, სადაც გამოკვეთილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გასაყოფია ორად.

„ თქვენ საუბრობთ პოტენციურ ფუნქციურ კონფლიქტზე, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რისი ანალიზი გაქვთ გაკეთებული, კონკრეტული დოკუმენტი რომ გვაჩვენოთ, სად დადგა ასეთი კონფლიქტის რისკი და ამ რისკის მატერიალიზაციის მაღალი ალბათობა. იქნებ ასეთი დოკუმენტიც გვაჩვენოთ და ჩვენც დავიჯეროთ, რომ მართლა რეფორმა გინდათ და არა კონკრეტული ადამიანის უბრალოდ თანამდებობიდან გაშვება. მესამე კითხვა – რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, პირდაპირ დადასტურდა, რომ ეს არის შინაარსობრივად რეორგანიზაცია და ერთი მიზანია, მიმართულია შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას გათავისუფლების მიზნით. შინაარსობრივად, რადგანაც თქვენ ადასტურებთ, რომ ეს არის რეორგანიზაცია, რატომა არ მივდივართ იმ გზით, რომ ეს ყველაფერი არ განვიხილოთ დაჩქარებულად და შევიდეთ თქვენს ანალიზში, რომელი ანალიზიც ვერ ვნახეთ და იმედია გაკეთებული გაქვთ და თუ იქ გამოიკვეთება, რომ ეს ორგანო არის გასაყოფი და ფუნქცია გამოსატანი, ვიმსჯელოთ ამ ფუნქციის გამოტანის საჭიროებაზე“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.