თამარ გაბუნია: ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა შეიძლება იყოს აქტიური ვაქცინაცია, რომელიც ჯერჯერობით ძალიან დაბალ მაჩვენებელზეა

ორსულების გარდაცვალება სერიოზული პრობლემაა და სამწუხაროდ, ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა შეიძლება იყოს აქტიური ვაქცინაცია, რომელიც ჯერჯერობით ძალიან დაბალ მაჩვენებელზეა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბირიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ორსულების ინფიცირების 100 შემთხვევიდან ერთი ან ორი შემთხვევა გარდაცვალებით დამთავრდება, რაც არ უნდა გაკეთდეს.

„ჩარევა არის მაქსიმალურად ინტენსიური, თუმცა გარდაცვალების შემთხვევა ბევრად უფრო მეტი იყო წელს, ვიდრე იყო ეს გასულ წელს. „დელტა“ შტამმა განსაკუთრებით დაამძიმა ეს მიმდინარეობა, ამდენად ორსულების შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის აქტიური პრევენცია ვაქცინაციის გზით, რადგან მაინც ჯანდაცვას დღეს მთლიანად, გლობალურად არ აქვს სრული რესურსი, რომ ბოლომდე მართოს შემთხვევები და ჩვენც ვიცით, რომ 100 შემთხვევიდან ერთი ან ორი შემთხვევა გარდაცვალებით დამთავრდება, რაც არ უნდა გაკეთდეს,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.