ნათია თურნავა ფინანსური ცენტრების შექმნაზე: ამას ექნება ძალიან დადებითი ეფექტი, როგორც მთლიანად ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის

ეს იქნება ძალიან კარგი პლატფორმა სწორედ ძლიერი საერთაშორისო კომპანიებისთვის, ვინც გადმოვა, დარეგისტრირდება და საქმიანობას გადმოიტანს ამ ზონებში. ამას ექნება რა თქმა უნდა ძალიან დადებითი ეფექტი, როგორც მთლიანად ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა თბილისსა და გონიოში ფინანსური ცენტრების შექმნის საკითხზე კომენტირებისას.

მისივე თქმით, საქართველოში მიმზიდველი პირობები იქნება შექმნილი ფინანსური სპექტრის ძლიერი საერთაშორისო კომპანიებისთვის.

„ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ კონკრეტული მიმართულებებით დავიწყოთ მუშაობა და სულ მალე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შევთავაზოთ მთავრობას და პარლამენტს პრემიერის დავალებით. საუბარი არის იმაზე, რომ ორი ასეთი ფინანსური ზონა უნდა შეიქმნას. ერთი შეიქმნება თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას ვვარაუდობთ, მეორე შეიქმნება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზეა საუბარი. ზოგადად, მსგავსი სპეციალური, თავისუფალი ფინანსური ზონები არის მიღებული პრაქტიკა. ეს არის უფრო ახალი თაობის თავისუფალი ზონის ტიპი. საქართველოში ფუნქციონირებს უფრო ინდუსტრიული თავისუფალი ზონა, ახლა კი საუბარია ასევ ვთქვათ, ბოლო თაობის, თანამედროვე სპეციალურ ფინანსურ ზონაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. ამის ძალიან კარგი მაგალითია დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, აბუდაბის საერთაშორისო ფინანსური ზონა, სადაც მთელი კუნძული არის სპეციალურად გაშენებული იმისთვის, რომ იქ სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური სერვისის მიმწოდებელი და ფინანსური კომპანია დარეგისტრირდეს და საქმიანობა შეძლოს. მსგავსად ამ კარგი მაგალითებისა, საქართველოში იქნება მიმზიდველი პირობები შექმნილი სწორედ ფინანსური სპექტრის საერთაშორისო კომპანიებისთვის.
ეს იქნება ძალიან კარგი პლატფორმა სწორედ ძლიერი საერთაშორისო კომპანიებისთვის, ვინც გადმოვა, დარეგისტრირდება და საქმიანობას გადმოიტანს ამ ზონებში. ამას ექნება რა თქმა უნდა ძალიან დადებითი ეფექტი, როგორც მთლიანად ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის. ეკონომიკისთვის ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (და არა მარტო უცხოური). რაც შეეხება კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დადებით ეფქტს, ეს არის დასაქმება ჩვენი მოსახლეობის, იმიტომ რომ მსგავსი ზონის მომსახურებას სჭირდება განსაკუთრებით ბევრი კადრი ისეთ სფეროებში როგორიცაა ბუღალტერია, აუდიტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები და IT სერვისები, სხვადასხვა ტიპის კომუნალური მომსახურება და ა.შ. ეს იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც საქართველოს დააპოზიციონირებს, როგორც ფინანსურ საერთაშორისო ჰაბს და ამავდროულად შექმნის ასეთ მაღალკვალიფიციურ პროფესიებზე დამატებით მოთხოვნას“, – განაცხადა თურნავამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა თბილისსა და გონიოში ფინანსური ცენტრების შექმნას გეგმავს.