კახა კალაძე: ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ, მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია დაიწყება

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ, მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადდა ტენდერი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 7,06 მლნ ლარია, სამუშაოების განხორციელების ვადა კი -12 თვე.

მერის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპნიასთან ხელშეკრულება უახლოეს ხანში გაფორმდება, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

„სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს: ბაქნისა და ესკალატორების გვირაბის აზბესტის ჭერის დემონტაჟს; ახალი, თანამედროვე მასალებით ჭერის (ე.წ. „დამცავი ქოლგის“) მოწყობას; ინტერიერის სრულ განახლებას; ესკალატორების ბალუსტრადების განახლებას; განათებისა და შიდა სავენტილაციო სისტემების განახლებას; ბაქნის იატაკის შეცვლას და ტაქტილური ფილების მოწყობას; სადგურის სამეურნეო ოთახების კეთილმოწყობას და სხვა.

მოგეხსენებათ, რომ 2018 წლის 30 იანვარს ჩამოიშალა ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი. მართალია, მისი ფუნქციონირება გაგრძელდა, მაგრამ პარალელურად, დავიწყეთ პრობლემის საფუძვლიანი შესწავლა და ჩავატარეთ რამდენიმე კვლევა. კერძოდ, ექსპერტიზა ჩაუტარდა არსებულ კონსტრუქციებს, რათა შეგვესწავლა მისი უსაფრთხოება და მომავალში გამოგვერიცხა მსგავსი ინციდენტი. ასევე, შემუშავდა დეტალური პროექტი, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა.
პროექტს ჩაუტარდა შემდეგი ექსპერტიზები: ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების შესახებ“ დადგენილებასთან შესაბამისობის ექსპერტიზა. (41-ე დადგენილება) კონსტრუქციული ექსპერტიზა; თაღოვანი ჭერის კონსტრუქციული ექსპერტიზა; მოპის შეფასება; ელექტრობის ექსპერტიზა (განათება); ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა; საინჟინრო ნაწილის (ელექტრობა, წყალ-კანალიზაცია, სუსტი დენები ვენტილაცია, გათბობა და სხვა) ექსპერტიზა.

ამასთან, მეტროსადგურ ვარკეთილის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას წინ უძღოდა წინასაპროექტო გამოკვლევები, მათ შორის ინსტრუმენტული გამოკვლევები.

ამ პროცესში ჩართულები იყვნენ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ქართველი სპეციალისტები და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ განმეორებითი რეაბილიტაციის შემდეგ ასეთი შეცდომა აღარ განმეორდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.