„ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა – მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი” – მიხეილ სააკაშვილი

სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული, ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა, – ამის შესახებ  საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნისას მასთან დაკავშირებულ ინციდენტს კიდევ ერთხელ ჰყვება.

მისი თქმით, ღონიაშვილი ადრე შსს-დან ნარკომანობის გამო გაუშვეს. იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ მასთან ყოფნის დროს ამავე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

„ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი, რომელიც გუშინ ტელევიზიით აჩვენეს, სწორედ ის იყო, ვინც ბადრაგს შემოუძღვა ღამის 12 საათზე და მაშინ პირველად ვნახე ჰოსპიტალში ყოფნის განმავლობაში. სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული და ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა. რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი.

მან გასვლისას კიდევ ერთხელ გამომხედა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბოროტი მზერით. ამიტომ, გუშინ ტელეეკრანზე ძალიან ადვილად ამოვიცანი.

აქ რამდენიმე სახის დანაშაულია:

  • თავად ძალადობის ფაქტი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახრჩობას უწყებ – ეს მკვლელობის მცდელობაა.
  • უკანონოდ ფორმის ტარება და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
  • დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა.

ღონიაშვილი ადრე შსს-დან ნარკომანობის გამო გაუშვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემთან შემოვარდნის დროს ამავე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

ამ ხალხის გამკვირვებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა გონიათ, სადამდე გაუვათ და შერჩებათ? თან ღარიბაშვილის ახლობელი ყოფილა. ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღთა ბანდაა ხელისუფლებაში.

აქ ნიშანდობლივი ის იყო, რომ სხვებს (ბადრაგის თანამშრომლებს) არ სურდათ ამ ნაგვის ბრძანების შესრულება და სულ დოყლაპიები ეძახა,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.