კახა კალაძე – არავის შერჩება უკანონობა და გადაცდომა, არასდროს დავუშვებთ კორუფციულ ფაქტებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს, „ეს არის ტყუილი, მორიგი „ფეიკნიუსი“, სიბინძურე”.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, სინამდვილეში, 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა იგეგმება და არა მერიის შენობის გადატანა.

იგი ასევე გამოეხმუარა ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების დაკავებას და აღნიშნა, რომ უკანონობა, გადაცდომა არავის შერჩება.

„გამოძიება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის შერჩება უკანონობა და გადაცდომა. ყოველთვის ჰქონდა რეაგირება შესაბამის სამსახურებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ყველასთან და არასდროს დავუშვებთ კორუფციულ ფაქტებს. ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ამას ყოველწლიურად ვამბობ, როდესაც მთავრობის სხდომაზე ვაკეთებ განცხადებას. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით და ასე იქნება მომავალშიც“, – აღნიშნა კალაძემ.