ბერდია სიჭინავა – ვთავაზობთ „ოცნების“ წარმომადგენლებს, გამოცხადნენ დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მხარს დავუჭერთ

„შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის, ვაკეთებთ ღია, საჯარო შეთავაზებას – „ოცნების“ წარმომადგენლები გამოცხადნენ დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მხარს დავუჭერთ ისე, რომ საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი არ დაირღვევა“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლები პარტიული ხელმძღვანელების დავალებით არ ესწრებიან სხდომებს და საბოტაჟს უწყობენ სენაკში მცხოვრებ მოქალაქეებს.

„სენაკის მუნიციპალიტეტი არის იმ მუნიციპალიტეტებს შორის ერთ-ერთი, სადაც ჩვენს პოლიტიკურ პარტიას აქვს გადამწყვეტი ხმები და დღეს, 15:00 სთ-ზე ჩანიშნულია საკრებულოს მორიგი სხდომა.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარებული 8 სხდომიდან, ბოლო 5 სხდომაა „ოცნების“ წარმომადგენლები, მათი პარტიული ხელმძღვანელების პირდაპირი დავალებით, არ მოდიან სხდომაზე და უკვე თითქმის 2 თვეა საბოტაჟს უწყობენ საკუთარ მუნიციპალიტეტს და იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა ყოველდღიურობაზეც ამ უპასუხისმგებლო ქმედებას აქვს პირდაპირი გავლენა.

ოცნების გაცხადებული მიზანია – სენაკის მუნიციპალიტეტში ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით შექმნილი პოლიტიკური რეალობისა და სენაკელების არჩევანის ასე ხელოვნურად და ძალისმიერად შეცვლა.

ახალი არჩევნების მზადებისთვის დავალება, ოცნების ხელმძღვანელების მიერ, სამეგრელოში ბოლო ვიზიტის დროს გაიცა.
ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს „ოცნების“ წარმომადგენლები უკანონოდ ავალებენ დღევანდელი სხდომის ჩაშლის მიზნით, არ გამოცხადდნენ საკრებულოში, რაც წარმოადგენს უკანონობას და საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობას, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სენაკში პოლიტიკური კრიზის დაძლევის მიზნით, პარტიამ „საქართველოსთვის“ ღია შეთავაზება გააკეთა და მოუწოდა „ოცნებას“ გამოცხადნენ დღევანდელ სხდომაზე, სადაც მათ კანდიდატს მხარს დაუჭერენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია“ საქართველოსთვის“ თავის კანდიდატს წარადგენს.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენთვის არცერთი პოლიტიკური თანამდებობა არ არის თვითმიზანი, მით უფრო, იმ კრიზისის ფასად, რომელსაც ხელოვნურად ქმნის „ოცნება“ სენაკის და სენაკელების ინტერესების ხარჯზე.

ამიტომ, ამ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის, ვაკეთებთ ღია, საჯარო შეთავაზებას – „ოცნების“ წარმომადგენლები გამოცხადნენ დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მხარს დავუჭერთ ისე, რომ საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი არ დაირღვევა.

დღევანდელი სხდომა ყველასთვის იქნება ტესტი, ვინ ქმნის ხელოვნურ კრიზისს და რომელი პოლიტიკური პარტიისთვის არის სენაკელების ინტერესები პირველხარისხოვანი და ვის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას საერთოდ სენაკი და სენაკელები, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ოცნების წარმომადგენლები დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდებიან, ჩვენ ვიტოვებთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი კანდიდატი წარვადგინოთ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ამ დრომდე არ ყავს. სხდომა დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.