მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს – თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის – ლევან დავითაშვილი

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა. ეს აუცილებელი პირობა იყო იმისთვის, რომ ჩვენ განგვეხორციელებინა რეფორმები სოფლის მეურნეობისა თუ გარემოს დაცვის მიმართულებით და სამინისტროს წარმატებით ემუშავა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ძალისხმევისა და ჩართულობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ გარემოს დაცვისა თუ სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათია თურნავას იმ წარმატებული მუშაობისთვის, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, რომელიც, როგოც თვითონაც აღნიშნა, ძალიან რთულ დროს დაემთხვა – პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა. პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევით, ჩვენ, ერთი მხრივ, შევძელით ეკონომიკის აღდგენა, ნამდვილად დავუბრუნდით პანდემიამდელ მაჩვენებელს, თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, გეგმები და ვალდებულება ჩვენს მოსახლეობასთან, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ და შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალებები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მათი შემოსავლების ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს. ის ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს. თავის მხრივ, დავითაშვილის ყოფილ უწყებას ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს, რომელიც დავითაშვილის მოადგილე იყო.