შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტს სამუშაო არაფერი აქვს და ახალ თემებს იგონებს – ვანო მაჭავარიანი

ეს ერთპარტიული მმართველობა ქვეყნისთვის ცუდად დამთავრდება – ქვეყანაში „პოლიტიკური საგიჟეთია“ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა.

„ქართულ ოცნებას“ მოსწონს ამ პოლარიზაციაში ყოფნა, მას უნდა, რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებული. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს მოსწონს და ორივე ერთმანეთს კვებავს ამ მიმართულებით. „ქართული ოცნებისთვის“ განცხადება, რომ ეროვნული თანხმობის მიმართულებით პრეზიდენტთან პრინციპში ითანამშრომლებენ, მაგრამ, ამავე დროს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური პარტიების დასრულებაზე მუშაობენ, მათ შორის ბარიერის არდაწევით, ეს ხომ საერთო ჯამში, არანაირ პოლიტიკურ განმუხტვას არ ემსახურება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ქვეყანაში  იზრდება პოლარიზაცია და არასტაბილურობა, ხოლო პრეზიდენტის მიერ დაწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესი კი, პოლიტიკური პროცესი არ არის.

„თუ გულზე მობრაგუნე „ქართული ოცნების“ მომხრე არ ხარ, მუზეუმშიც კი ვერ მუშაობ 160 ლარზე. მუნიციპალიტეტებშიც ხომ იგივე მდგომარეობაა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დაწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს – მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი აქვს სამუშაო და ახალ თემებს იგონებს. პოლიტიკური ლიდერი შედეგზე თუ არ ხარ ორიენტირებული, რომ დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანო და შეთანხმდნენ, მათ შორის რაც არის 19 აპრილის ხელშეკრულებაში, სხვა შემთხვევაში, ეს საზოგადოების მოტყუებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ისინი არავითარ შეთანხმებას არ მოაწერენ ხელს. ამიტომ ვამბობ, პოლიტიკური სიტუაცია ძალიან მძიმეა. „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია,რომ ასე აწყობს, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილიც ამ თამაშს თამაშობს“,-განაცხადა მაჭავარიანმა.