დმიტრო კულება – როცა დავინახავთ რუსეთის ჯარების გაყვანას, მერე დავიჯერებთ და ვირწმუნებთ დეესკალაციას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კომენტარი გააკეთა რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების შეიარაღებულმა ძალებმა დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

კულება აცხადებს, რომ ინფორმაციას მაშინ დაიჯერებენ, როცა რეალურად დაინახავენ სამხედროების გაყვანის პროცესს.

„რუსეთიდან მუდმივად იმის სხვადასხვა განცხადებები, ამიტომ უკვე წესად გვაქვს – როცა დავინახავთ, მერე დავიჯერებთ. დავინახავთ გაყვანას – ვირწმუნებთ დეესკალაციას“, – განაცხადა კულებამ.

ამასთან, კულებას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს აღიარებს, მოსკოვი მინსკის შეთანხმებიდან დე ფაქტო და დე იურე გავა.

ცნობისთვის. ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების შემადგენლობაში მყოფი სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, ამ შემადგენლობებმა წვრთნები დაასრულეს.