ირაკლი ჩიქოვანი: „ვიღაცები იტყვიან რომ ეს გადაწყვეტილება იყო ზუგდიდის მოსახლეობისთვის, „საქართველოსთვის“ მაგრამ რეალურად ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი – „ნაციონალური მოძრაობისთვის“

„ის, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა – იყო სირცხვილი, რადგან ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ჰქონდა ადგილი ტერორს” – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

,,მინდა გავახსენო ყველას – ის რაც ხდებოდა ზუგდიდში 2010- 2011 წლებში იყო ნამდვილი ტერორი და ის იყო ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა ზუგდიდს. ის, რაც ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში აქვს გაკეთებული თუნდაც ტერორის, თუნდაც საკუთარი თანამოქალაქეების დაშინების და საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის თვალსაზრისით – ჩვენ ეს ყველას კარგად გვახსოვს და ამის ფონზე, როდესაც ხდება ეს გარიგება – ეს არის ზუგდიდისთვის უდიდესი სირცხვილი. ვიღაცები ამას დაარქმევენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ზუგდიდის მოსახლეობისთვის, „საქართველოსთვის“ მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი “ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს სამწუხარო რეალობაა, როდესაც ასეთი თანხვედრა არსებობს ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებს მხრიდან იმ რეალობასთან მიმართებაში, რაც ჩვენ ზუგდიდში გვაქვს“ – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მან საკრებულოსა და ზუგდიდის მერიაში თანაგუნდელებს მოუწოდა რომ კიდევ უფრო მეტი იმუშაონ იმისათვის, რათა რეალური კონტრასტი დაანახონ საზოგადოებას თუ რა შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქისთვის გააკეთოს.