ირაკლი კობახიძე გახარიაზე – დადგება დრო, ვიტყვით, რა მოხდა – საუბარია ღალატის დეტალებზე, რომელიც შესაძლოა, შოკისმომგვრელი იყოს

„ნაციონალური მოძრაობა“, გახარიას თვალთხარიას ეძახდა და მასთან შექმნეს კოალიცია. აღარ არის თვალთხარია?! – აქეთ გახარიამ შექმნა კოალიცია იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც დამნაშავე პოლიტიკურ ძალას უწოდებდა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, განაცხადა.

მისივე თქმით, დადგება დრო, როდესაც „ქართული ოცნება“ იტყვის, რა მოხდა და რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები გიორგი გახარიამ.

,,როდესაც ასეთ კოალიციას ქმნი, ღირსება არ გაქვს, რაც უკმაყოფილობას იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც. უპრინციპობა არავის უყვარს, მათ შორის, ასეთ პოლიტიკურ ძალაშიც არის პროტესტი. „თვალთხარიასთან“ შექმნეს კოალიცია, აქეთ გახარიამ შექმნა კოალიცია იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც დამნაშავე პოლიტიკურ ძალას უწოდებდა. ეს არის უპრინციპობა. ჩვენ არჩევნების წინ ვამბობდით, რომ გიორგი გახარია „ნაცმოძრაობასთან“ ალიანსში იყო, მინიმუმ ამის გამო არ უნდა გაეკეთებინა ეს კოალიცია. დაადასტურა, რომ მანამდეც იყო და არის „ნაცმოძრაობასთან“ ალიანსში“,- აღნიშნავს კობახიძე.

ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი აღნიშნულზე, თავად გახარია ისაუბრებს, „თავს გაინადგურებს“.

„ჯერ ვერ ვიტყვით. დადგება ამის დრო, როდესაც ვიტყვით, თუ რა მოხდა 1 წლის წინ. რა მოხდა უფრო ადრე, რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით. ის თუ იტყვის, რაშია სინამდვილეში საქმე, თავს გაინადგურებს, ამიტომ რანაირად იტყვის?! ვერაფერს ამბობს. საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შესაძლოა ადამიანებისთვის შოკისმომგვრელი იყოს. ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს, რის გამოც არ ღირს დღეს ამაზე საუბარი“,- აღნიშნავს კობახიძე.