ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული პირი, რომლის გვარი „კ“-ზე იწყება – დანარჩენს ვერ გეტყვით – ირაკლი კობახიძე

გვარი „კ“-ზე იწყება, დანარჩენს არ გეტყვით, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ვის მოიაზრებს ის ეჭვმიტანილ პირში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე.

„გვარი „კ“-ზე იწყება, დანარჩენს არ გეტყვით. მე არ მითქვამს ვინ არის ეს და კ-ზე ჩემი გვარიც იწყება, თუმცა მე არ ვარ დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და პირი, რომლის გვარი კ-ზე იწყება, დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“,“- განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კონტრშეტევის მცდელობა უწოდა, რომელიც მისი თქმით, ვერ იქნება წარმატებული.

„ეს არის კონტრშეტევის მცდელობა თავის დაცვის მიზნით. თქვენ იცით, რომ როდესაც გიტევენ, ამ დროს თავის დაცვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა შეტევა და ეს ტაქტიკა აირჩიეს მათ, თუმცა ეს ტაქტიკა ვერ იქნება წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი გახდება ცხადი მას შემდეგ, რაც წარიმართება გამოძიება. არის კონკრეტული პირი „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ დაკავშირებული და მის ტელევიზიებთან პირდაპირ დაკავშირებული, რომელიც აშკარად არის ეჭვმიტანილი ძალიან მძიმე ქმედებებში, რაც შეეხება ქოლ -ცენტრებს,“- განაცხადა კობახიძემ.