მამუკა მდინარაძე – პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი – ცოტა უფრო საინტერესო გახდება ამბავი, თუ ბრძოლაში შემოვა გახარია, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი – ცოტა უფრო საინტერესო გახდება ამბავი, თუ ბრძოლაში შემოვა გახარია, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამნაშავე კანდიდატებით შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას.

„ობიექტურად რომ ვთქვა, ამას პლუსებიც ექნება და მინუსებიც. იმის ლუსტრაცია, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია, რა თქმა უნდა, ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატსაც შესძენს. მაგრამ ყველა ვარიანტში, ბადრი ჯაფარიძის დაყენება ჩვენი კანდიდატის კონკურენტ კანდიდატად, მათთვის პრაგმატულადაც კი ძალიან წამგებიანია. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი დამნაშავედ ცნეს და ამის შემდეგ შესთავაზეს ის კანდიდატად გარდაბნელებს და რუსთაველებს. გახსოვთ ალბათ, რამდენ რაიონში დააყენეს მათ დამნაშავე კანდიდატები, არა ჩვენი შეფასებით, არამედ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ისინი პერმანენტულად აყენებენ ხოლმე დამნაშავე კანდიდატებს, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ხალხს, ამომრჩეველს და საზოგადოებას. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი.

ერთადერთი, თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს გიორგიდ წოდებული გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის იმიტომ, რომ რამენაირად გადაიყვანოს მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა უფრო საინტერესო გახდეს ეს ამბავი. თუ ამას ვერ გაბედავს, იმიტომ, რომ ძალიან გაშიშვლა „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის მათი პოლიტიკა, კიდევ უფრო მარტივი იქნება. ის 2-3%, რომელიც გახარიას ანგარიშზეა დარჩენილი, შეიძლება იყოს ცოტა უხერხულობა ჩვენთვის. ახლა ერთადერთი ინტრიგა რჩება, შემოვარდება თუ არა ამ თამაშში ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია. ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი, ვინაიდან შეუძლებელია ირაკლი შატაკიშვილს გარდაბნის ისტორიულ სოფლებში და რუსთავში მოუგოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა, მითუმეტეს, თუ ეს იქნება სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბადრი ჯაფარიძე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, „ლელოს“ გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.