მსოფლიოში იდეალური პირობებია შექმნილი კორონავირუსის უფრო გადამდები და უფრო სახიფათო შტამის გაჩენისთვის – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი განცხადებას ავრცელებს. მისი განცხადებით მსოფლიოში იდეალური პირობებია შექმნილი კორონავირუსის უფრო გადამდები და უფრო სახიფათო შტამის გაჩენისთვის.

„ფაქტობრივად, იდეალური პირობებია შექმნილი უფრო გადამდები და უფრო სახიფათო ვარიანტების გაჩენისთვის. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე წელს დავასრულოთ კორონავირუსის პანდემია, როგორც გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ამისთვის“, – აღნიშნა გებრეისუსმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი „ომიკრონის“ ვარიანტის დაბალ სიმძიმესთან ერთად ცრუ ნარატივს იწვევს, რომ პანდემია დასრულდა.