„საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს“ – ვლადიმერ პუტინს 53-მა ქართულმა პარტიამ და ორგანიზაციამ წერილი გაუგზავნა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში 53 პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ ღია წერილს ავრცელებს.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში არ უნდა შევიდნენ და საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს.

„ვფიქრობ, გასული ორი კვირა ძალზე დამაფიქრებელია: ჯერ გერმანიის კანცლერი, შემდეგ კი, საფრანგეთის პრეზიდენტი ესტუმრნენ მოსკოვს. უნგრეთის პრემიერმინისტრიც მოსკოვში გახლდათ. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსაუბარი შედგა, შემდეგ კი, აშშ-ს პრეზიდენტმა საჯაროდ მიმართა რუს ხალხს და რამდენიმე საგანგებო განცხადებაც გააკეთა. აღარაფერს ვამბობ ნატოს მოქმედი და ყოფილი გენერალური მდივნების საჯარო მიმართვებზე და სხვადასხვა პოლიტიკოსებისა თუ სამხედროების განცხადებებზე.

დამაფიქრებელია ასევე, რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების განცხადებებიც: რუსეთს კონკრეტული მოთხოვნები აქვს და, ჩემი აზრით, უკან ვეღარ დაიხევს. როგორც ჩანს, არც დასავლეთი აპირებს რაიმეს დათმობას: გერმანიამ აღიარა, რომ უსაფრთხოების არსებული სისტემა ქმედითი არაა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა „რბილად“ ისაუბრეს უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტზე და მეტი არც არაფერი!

პირადად ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც ცხადია, რომ მსოფლიო დიდი კონფლიქტის ზღვარზეა და აქ საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე ან აზიასა თუ აფრიკაზე, აქ საუბარია ახალ წესრიგსა და წესებზე!

ჩვენი გუნდისთვის ასევე ცხადია, რომ საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, მოვლენათა ქარცეცხლში აღმოჩნდება და ვფიქრობ ნათელია, რომ ძალზე გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ამ ქარცეცხლში უეჭველად გადავრჩეთ!
უპირველეს ყოვლისა, „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ ყველა სიტყვა აწონ-დაწონოს, რადგან არსებულ ვითარებაში ხმამაღალი განცხადებები ნატოს მხარდასაჭერად უბრალოდ უადგილოა.

ალბათ პირველად ცხოვრებაში საჯაროდ მივმართავ სააკაშვილის მხარდამჭერ პარტიებს, ორგანიზაციებსა და, რაც მთავარია, მედიას: მოგიწოდებთ მაქსიმალური კორექტულობისკენ, რუსეთის ლანძღვა-გინება, განსაკუთრებით ახლა, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, მოგვიტანს მხოლოდ უბედურებას!

სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა და ეს დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის. ახლა დაპირისპირებაზე კი არა,- ნორმალიზებაზე უნდა ვიზრუნოთ, ახლა დიპლომატია და ბრძნული სიტყვაა საჭირო, თუ გვინდა გადავრჩეთ!

გრძნობს რა პასუხისმგებლობას, ჩვენი გუნდი დღეს, ისევე როგორც შარშან, კვლავ საჯაროდ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვიმოძრაოთ საერთო ენის გამონახვისა და ურთიერთობის დათბობისკენ და არა დამღუპველი დაპირისპირებისკენ“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.