ვლადიმერ პუტინი – ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი

დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტის აღიარების საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გლობალურ პრობლემებთან​​, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების მიმართვა მათი სუვერენიტეტის აღიარების შესახებ და ამავე საკითხზე სახელმწიფო დუმის რეზოლუცია“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ „უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, უფრო მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი“.

„თუ რუსეთი აღმოჩნდება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაა, მაშინ საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის მრავალმხრივ იზრდება“, – განაცხადა პუტინმა.

„თუმცა, ამის მიუხედავად, 2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელმაც ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინასა და საქართველოს. რა არის პასუხი ჩემს კითხვაზე – რატომ გააკეთეთ ეს? აშშ-ის ზეწოლით. ეს არის პასუხი. თუ მათ ერთი ნაბიჯი გადადგეს აშშ-ის ზეწოლით, სად არის გარანტიები, რომ ისინი არ გადადგამენ მეორესაც“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი თავიდანვე ყველაფერს აკეთებდა, დონბასში არსებული წინააღმდეგობების მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის.

„ხალხმა განაცხადა, რომ ისინი ორ დამოუკიდებელ რესპუბლიკას აყალიბებდნენ – დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს. ამ მომენტიდან დაიწყო წინააღმდეგობა კიევის ხელისუფლებისა და ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლების. ამასთან დაკავშირებით მინდა, გავამახვილო ყურადღება, რომ რუსეთი თავიდანვე ყველაფერს აკეთებდა, რომ მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო წარმოქმნილი წინააღმდეგობა“, – განაცხადა პუტინმა.