ელენე ხოშტარია – პუტინის გამოსვლას გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს

პარტია ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას მთავრობის პასუხის გარდა მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაციას იწყებს.

,,ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოყვეს. დარწმუნებული ვარ ბევრს აქვს სურვილი დავაფიქსიროთ, რომ იმპერიული ისტორია, რომელიც გადაგვიწერა გუშინ პუტინმა, ჩვენთვის ბოროტებაა და სამომავლოდ ამის მიღებას არავინ აპირებს. უნდა გამოვჩნდეთ ქვეყანა და მისი მოქალაქეები, რომლებმაც 1991 იდან მოყოლებული და 2008 წლის გავლით ყველაზე კარგად ვიცით რა არის ოკუპაცია.

დღეს დავიწყებ კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და საზოგადოებრივ ჯგუფთან და ვფიქრობ ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ. ფორმებზე კიდევ ვიფიქრებთ და ყველაფერს შეგატყობინებთ ოპოზიციური სპექტრი ერთად.

შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად”, – წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები ,,მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.