ხათუნა სამნიძე – ოპოზიცია იქნება და დაელოდება ,,ოცნებას”, არა შალვა პაპუაშვილს და მის ბრძანებას, არამედ თითოეულ დეპუტატს

შეუძლიათ მოიტანონ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება, ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ ურჩევნიათ კანონი დაარღვიონ, თავი შეირცხვინონ და არ მოვიდნენ სხდომაზე – 12 საათი მოვა, ოპოზიცია აქ იქნება და დაელოდება ,,ქართული ოცნების” დეპუტატებს, არა შალვა პაპუაშვილს და მის ბრძანებას, არამედ თითოეულ დეპუტატს,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” კანონს არღვევს, როცა შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცედურა არ ჩატარდება. მისი თქმით, სხდომათა დარბაზი უნდა გაიხსნას და დაფიქსირდეს, რამდენი დეპუტატი მივიდა სხდომაზე.

,,ეს სხდომა უნდა გაიმართოს. დარწმუნებული ვარ შალვა პაპუაშვილს კანონი წაკითხული აქვს, მაგრამ იმდენად ძლიერია მათი არაფორმალური მმართველის მხრიდან ზეწოლა, რომ არ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ორგანოში პარტნიორი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადების მიღება, იმის ჩვენება დასავლელი პარნიორებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომ ამ საკითხში არ არსებობს პარტიული კუთვნილება და ერთად უნდა დავდგეთ ყველა, იმდენად არ სურს ამის გაკეთება ,,ქართულ ოცნებას”, რომ საკანონმდელო ორგანოს თავმჯდომარე მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც არ წერია კანონში. ეს არის კანონის დარღვევა, დარბაზი უნდა გაიხსნას, დეპუტატები უნდა შევიდნენ და დაფიქსირდეს კვორუმი რამდენია, დაინახონ მოქალაქეებმა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ვერ გაბედა და გარბის პასუხისმგებლობისგან. ჩვენ მზად ვართ, მათი მხრიდან მომზადებული განცხადება მივიღოთ და მხარი დავუჭიროთ, შეუძლიათ მოიტანონ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება, ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ ურჩევნიათ კანონი დაარღვიონ, თავი შეირცხვინონ და არ მოვიდნენ სხდომაზე, მაგრამ 12 საათი მოვა, ოპოზიცია აქ იქნება და დაელოდება ,,ქართული ოცნების” დეპუტატებს, არა შალვა პაპუაშვილს და მის ბრძანებას, არამედ თითოეულ დეპუტატს, ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, ამიტომ გახსნან დარბაზი და ვნახოთ, რამდენი დეპუტატი იქნება დარბაზში,”- განაცხადა სამნიძემ.