გია ვოლსკი – სოლიდარობის აქცია ტარდება მთელ მსოფლიოში, ერთადერთია საქართველო, სადაც ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, საზოგადოებაში არსებული მუხტი თავისი პოლიტიკური ინტერესებისკენ გადმოქაჩოს

ყველა თავისი სამრეკლოდან გაიძახის გარკვეულ ლოზუნგებს, ზოგი ახალგაზრდებს შეჭრისკენ მოუწოდებს. ეს არის ის, ვინც ახალგაზრდებს ურჩევს, ფულის შოვნისთვის თავი არ დაზოგონ, სულიც გაყიდონ თუ საჭიროება მოითხოვს, ეს მისი ცხოვრებისეული კრედოა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა და   გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გუშინ, პარლამენტთან აქციაზე გაკეთებულ განცხადებას: „გამოსავალი არის, ამ შენობიდან გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, უნდა შეხვიდეთ თქვენ, მოქალაქეები, ეს უნდა დაიწყოთ დღეს, რომ მორჩება გამოსვლები“.

„ყველა თავისი სამრეკლოდან გაიძახის გარკვეულ ლოზუნგებს.ზოგი ახალგაზრდებს შეჭრისკენ მოუწოდებს. მგონი, შეეცადნენ, დაერბილებინათ მისი განცხადება. აქ ლაპარაკი იყო შეჭრაზე, თორემ პარლამენტში შესვლას აქვს არჩევის წესი და მთელი რიგი საკანონმდებლო რეგულაციები. ეს ის ადამიანია, რომელიც გუშინწინ თავის მომხრეებს შარვლის ჩახდას ურჩევდა პარტიის საწინააღმდეგო რესურსად გამოყენებისთვის.

ურჩევდა და შეასრულა კიდეც. ეს არის ის, ვინც ახალგაზრდებს ურჩევს, რომ ფულის შოვნისთვის თავი არ დაზოგონ, თავისი სულიც გაყიდონ თუ ამას საჭიროება მოითხოვს. ეს მისი ცხოვრებისეული კრედოა, მისი პოლიტიკური კონცეფციაა. იგივე იაგო, ამასთან დაკავშირებით როდესაც აკეთებს განცხადებებს, თავისი პოლიტიკური პარტიის თავისი მსოფლმხედველობის გამოხატულებაა, მაგრამ მეორეა, რა სჭირდება რეალურად ჩვენს სახელმწიფოს, განსაკუთრებით კრიტიკულ მომენტში, როცა თავზე გვადგას საკმაოდ სერიოზული და დაუნდობელი ძალა, რომელმაც თავისი სახე გამოაჩინა უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკი ამბობს, ქართველი პოლიტიკოსები ცდილობემ, მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, გადმოქაჩოს თავისი პოლიტიკური  მიზნებისთვის.

„ეს არის კეთილი სურვილი, მაგრამ ასეთი არ ხდება. სოლიდარობის აქცია ტარდება მთელ მსოფლიოში, ერთადერთია საქართველო, სადაც ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, ის მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, გადმოქაჩოს თავისი პოლიტიკური ინტერესებისკენ, რაც კიდევ ერთხელ არა მარტო პოლიტიკური, მორალური უზნეობაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.