უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი – რუსი ოკუპანტები აპირებენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას და სახმელეთო დერეფნის შექმნას ოკუპირებულ ყირიმთან

რუსი ოკუპანტები აპირებენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას და შემდგომ სახმელეთო დერეფნის შექმნას ოკუპირებულ ყირიმთან, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

„დასრულდა უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის მეცხრე დღე, რუსული სამხედრო შეჭრის საპასუხოდ. მტერი ავიაციის მხარდაჭერით აგრძელებს შეტევით ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ და იყენებს მაღალი სიზუსტის იარაღს. დამპყრობლებმა ძირითადი ძალისხმევა მიმართეს ქალაქების – კიევისა და ხარკოვის ალყაში მოქცევისკენ. გარდა ამისა, მტერი აპირებს მიაღწიოს ადმინისტრაციულ საზღვრებს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში და შემდგომ შექმნას სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმთან“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

ასევე, როგორც აღნიშნულია მტერმა დაიწყო საინჟინრო სამუშაოები ბოროდიანკას მიდამოში გზების გადაკეტვით, სავარაუდოდ კიევის მიმართულებით შემდგომი წინსვლის მიზნით. საოკუპაციო ნაწილები შიბენესა და კატიუჟანკას რაიონებში შეაჩერეს. დიმერის მიდამოში ოკუპანტი აგრძელებს თავდაცვითი ტერიტორიის შექმნას.

„დონეცკის მიმართულებით მტერი აქტიურად იყენებს სამობილიზაციო რესურსს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მოწინავე დანაყოფების ნაწილს, რომლებიც მოქმედებენ ხარკოვისა და მარიუპოლის მიმართულებით. ოკუპანტები არ წყვეტენ მარიუპოლის თავდაცვაში არსებული სისუსტეების გამოვლენას. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე გაერთიანებული არმიის მტრის ქვედანაყოფები ცდილობენ, განაგრძონ შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით და რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთ სამხედრო ოლქის მე-20 გაერთიანებული არმიის ნაწილები ცდილობდნენ ხარკოვის გვერდის ავლას, გადაადგილდნენ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით“, – ნათქვამია გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში, ოდესა-ზატოკას რეგიონში დესანტის გადასხმის მოსამზადებლად საჩვენებელი ოპერაციების დასრულების შემდეგ, ამინდის პირობების გაუარესების გამო, დამპყრობელმა გაიყვანა ხომალდების ჯგუფი და სადესანტო გემები ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით.

„ქალაქ კიევის თავდაცვითი დაჯგუფება აგრძელებს მტრის შეტევის მოგერიებას, მისი შემტევი ჯგუფების დამარცხებასა და გარკვეული ხაზების შენარჩუნებას. უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 38-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა კვლავ განლაგებულია. თუმცა, სამხედროების მნიშვნელოვანი რაოდენობის მხრიდან დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის გამო, მუშაობა გრძელდება პირადი შემადგენლობის დასარწმუნებლად, უკრაინის ტერიტორიაზე ამოცანების შესრულებისთვის“, – ნათქვამია შეტყობინებაში.