თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტი შემოვა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტს ჩაანაცვლებს – შესაბამისად, წამლებზე ფასები მკვეთრად გაიაფდება – ზურაბ აზარაშვილი

ჯამში, თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტი შემოვა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტს ჩაანაცვლებს. შესაბამისად, მათი ფასების მკვეთრად გაიაფება მოხდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მან საქართველოში წამლების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი ერთი თვის წინ გახსნეს და აღიარებით სიაში დაამატეს. მინისტრის თქმით, ბევრი ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა უკვე დღეისთვის რამდენიმე ათეული დასახელების მედიკამენტი თურქეთიდან საქართველოშია, რაც ფასებზე აისახა.

„მედიკამენტების ფასები მკვეთრად გაიაფებულია. ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს ერთი კვირის ან ერთი თვის წინ იყო. ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ. ასევე, იმ რეკომენდაციებს, რაც ფარმაცევტულ ბაზარს საქართველოში უფრო გამჭვირვალეს გახდის. ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში მედიკამენტების ფასებს სტაბილურს გახდის და ხელმისაწვდომს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში დღეისთვის დარეგისტრირებულია და აფთიაქებში 20-მდე დასახელების მედიკამენტია იყიდება.