მზია ფაილოძე: ბაგა-ბაღებში „პოლიციური რეჟიმი“ დაბრუნდა!- რას პასუხობს სააგენტო…

საქართველოს სკოლამდელთა განვითარების და უფლებების დაცვის ლიგის ხელმძღვანელი მზია ფაილოძე ამბობს, რომ მონიტორინგის სამსახურმა ისევ დაიწყო ბაგა-ბაღების შემოწმება, ოღონდ ამჯერად ახლახანს საზღვარგარეთ დატრენინგებული მოხელეები უკვე „პოლიციურ რეჟიმს“ იყენებენ და საშინელ ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებენ პედაგოგებს.

მისივე თქმით, წელს საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები მე-13 ხელფასს ანუ „პრემიალურს“ ვერ მიიღებენ. ფაილოძე ამბობს, რომ „ქამრების შემოჭერა“ ზედა რგოლიდან უნდა დაიწყონ და არა იმ ადამიანებიდან, რომლებიც დღეში 50 ბავშვთან მუშაობენ და ხელფასი საკმაოდ მიზერული აქვთ.

-“დღე არ გავა რომელიმე ბაღიდან არ დარეკონ შეშფოთებულმა პედაგოგებმა. ახლაც გლდანი- ნაძალადევის რაიონიდან შემეხმიანენ. მონიტორინგის სამსახურის უფროსი გუგა ბენდიაშვილი „პოლიციურ შემოწმებას“ ატარებს, ჩხრიკავს უჯრებს, კარადებს, ქვაბებს და პირად ჩანთებსაც კი, ეს ხდება ბავშვების თვალწინ და საკმაოდ დიდი სტრესია პედაგოგებისთვის, ეს ასწავლეს მას ახლახანს საზღვარგარეთ ტრენინგზე? ყველაფერს ხომ თავისი ნორმა აქვს და ნუთუ ადამიანური აღარაფერი დარჩა? საინტერესოა თუ აქვთ პირადი ჩანთების ჩხეკის ორდენი? რას ეძებენ? ნარჩენებს? თუ პედაგოგმა ბავშვის ნარჩენი საჭმელი შეჭამა, ეს კრიმინალია? 200-300 კილო ნარჩენი ისხმევა და პედაგოგმა ერთი თეფში რომ შეჭამოს არ შეიძლება? იქნებ ეს მონიტორინგი სულ სხვა რამეს ემსახურება? იქნებ კადრების გაშვებას უმიზნებს ვიღაც? პედაგოგს, რომელიც 2 ჯგუფის ბავშვებს აერთებს და მუსაობს მათთან, ნუთუ იმდენი დაფასება არ უნდა ჰქონდეს, რომ პირადი შეურაცხყოფა არ მიაყენონ და პირადი ჩანთა არ გაუჩხრიკონ? ამის ფონზე რაღა გასაკვირია, რომ წელს, საახალწლოდ პედაგოგები და აღმზრდელები პრემიელურის გარეშე რჩებიან? შარშან მე-13 ხელფასი 31 დეკემბერს 5-6 საათზე დაერიცხათ, წელს სულ აღარ იქნება.

„ავადსახსენებელი“ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი, სწორედ რომ უვარგისი მერია და მერი დიდ ყურადღებას აქცევდნენ ბაღების პედაგოგებს და ყოველთვის სადღესასწაულო დღეებში-ახალ წელს, აღდგომას, დედის დღეს და გიორგობას ჰქონდათ მე-13 ხელფასი. ბაღებში პედაგოგებს უწევთ დიდი შრომა, ზოგჯერ თითო პედაგოგი 50 ბავშვთან მუშაობს, ხელფასი კი მიზერული აქვს, ასეთ ადამიანებს წახალისებაც უნდათ, ყურადღებაც და დახმარებაც. გვესმის, რომ დღეს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონია ქვეყანაში, მაგრამ, როცა „ქამრების შემოჭერა“ იმ ადამიანებიდან იწყება, რომლებიც ნამდვილად დაუღალავად შრომობენ, ეს უსამართლობაა. თუ ბიუჯეტის დაზოგვა უნდათ, ნამდვილად შეუძლიათ ეს მოახდინონ ბაღების სააგენტოს გაბერილი შტატების ხარჯზე. სააგენტო 10 კაცის ბაზაზე დაარსდა, ახლა იქ ასამდე თანამშრომელია, სააგენტოს ფუნქციონირებისთვის სრულიად საკმარისია 10-15 პროფესიონალი კადრი, ნოემბერში სააგენტოს ბიუჯეტით ტრენინგებზე ამერიკაში რომ იყვნენ, 10 დღეში დაახლოებით 200 ათასი ლარი დაიხარჯა. რა ისწავლეს იქ? ასეთი დაწიოკება? საკმაოდ კარგი დრო ატარეს და ჩამოვიდნენ!

ახლა მეორე საკითხი-რატომ არ ინტერესდება ხელისუფლება სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერებით? საახალწლო საჩუქრებზე გამოცხადებული ტენდერი მოიგო შპს „სახანძრო ინვენტარმა“. თითო ბავშვის საჩუქარი შეფასებულია 5 ლარად და რომ დაითვალოთ 2,5 ლარი თუ დაჯდება. საინტერესოა, რატომ იგებს ტენდერს გაურკვეველი წარმოშობის კომპანია? დაინტერესდეს ხელისუფლება და გაგვცეს პასუხი! კიდევ ერთი საკითხი-თოვლის ბაბუაზე გამოყოფილია თანხა 50 ლარი-ეს თითო ჯგუფზე, საიდანაც 20% საშემოსავლოა. რა რჩება თოვლის ბაბუას?

გვესმის ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ბაღების პედაგოგებს ხელფასი აქვთ 400 ლარი, სააგენტოს თანამშრომლებს და ხელმძღვანელ პირებს კი გაცილებით მეტი და რაში? აი, აქედან უნდა იფიქრონ, თუ თანხების დაზოგვა უნდათ, შეამცირონ გაბერილი შტატები. აი, ახლაც, სანამ თქვენ გესაუბრებოდით, ავჭალის ბაღიდან მომივიდა შეტყობინება, იქ ზის მონიტორინგის სამსახური და იგივე კითხვა დაუსვა ფსიქოლოგმა, რაც მაქვს მე და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება-აქვთ თუ არა პირადი ჩანთების გაჩხრეკვის  ჩხრეკის ორდენი. რა თქმა უნდა არც პასუხი მიიღეს და არც რეაგირება მოუხდენია ვინმეს.

თბილისის მერიის ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტია ახალი საბავშვო ბაღების შენობების აშენება. ძალიან კარგია, მაგრამ ფილარმონიასავით შენობას რომ დადგამ, იმას გათბობა ხომ უნდა? რამხელა თანხა მიდის გათბობაზე? შენობის გათბობა 12-15 ათასი ჯდება, არადა ამ დროს, ბაღს სჭირდება მორგებული და მოსახერხებელი შენობა,  ეს გამონთავისუფლებული თანხა სრულიად საკმარისი იქნებოდა იმ მე-13 ხელფასის დასარიგებლად. რადგან შენობაზე ცამოვარდა სიტყვა, აუცილებლად უნდა ითქვას-ჩნდება კითხვა-რა სამშენებლო მასალაა, რა საღებავია? ბუნებრივია მშობლებსაც აინტერესებთ როგორ გარემოში იქნებიან მათი შვილები.

მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხელისუფლებას-„ქამრების შემოჭერა“ და თანხების გამოთავისუფლება არ უნდა ხდებოდეს ისედაც მიზერული ხელფასის მქონე ბაღების მასწავლებლების ხარჯზე. პედაგოგს ცოტა მეტი პატივისცემა და ყურადღება უნდა”-აცხადებს ფაილოძე.

აღნიშნულ საკითხებზე კომენტარისთვის ბაგა-ბაღების სააგენტოს დავუკავშირდით.

 

-„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური თბილისის სხვადასხვა საბავშვო ბაღს ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს აქვთ უფლება, დაათვალიერონ ბაღის შიდა სივრცე, ჯგუფები, სამზარეულო, საწყობი, მათ შორის, შეამოწმონ კარადები, ქვაბები და სხვა ინვენტარი. რაც შეეხება ბაღის თანამშრომლების პირადი ნივთების ჩხრეკას, მსგავს შემთხვევას არასდროს ჰქონია ადგილი.   

რაც შეეხება „გაბერილ შტატებს“-სააგენტო ახორციელებს თბილისის 166 საბავშვო ბაგა-ბაღის მართვას – მონიტორინგს, ყოველდღიურკონსულტირებას, სხვადასხვა სახის შესყიდვას, ასევე, ათეულობით ახალი ბაღის მშენებლობას, არსებულ ბაღებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.  გარდა ამისა, სააგენტო წარმართავსბაღების საკადრო პოლიტიკას,კურირებს მეთოდოლოგიის მიმართულებას და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია სააგენტოს ფუნქციონირება იმაზე ნაკლები საშტატო ერთეულით, რაც დღეის მდგომარეობითაა.

მე-13 ხელფასს კი, საბიუჯეტო სახსრებს, მათ შორის, სახელფასო ხარჯებს სააგენტო განსაზღვრავს ქ. თბილისის 2016 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.

მოდით აღნიშნულ ტენდერებზეც ვისაუბროთ-თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ 2016 წლის 3 ნოემბერს გამოცხადდა შესყიდვის ელექტრონული პროცედურა თბილისის მაშტაბით არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის საახალწლო საჩუქრების (შოკოლადი და ტკბილეული) შესყიდვაზე.

ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვა გამოცხადდა თითოეული აღსაზრდელისათვის არანაკლებ 400 გრ. შოკოლადის და ტკბილეულის შესყიდვაზე, რომელიც იქნებოდა შეფუთული და გაფორმებული საახალწლო თემატიკით. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის გამოცხადებამდე მოხდა ბაზრის მოკვლევა და სხვადასხვა ფირმებიდან მიღებული ინვოისების მიხედვით ყველაზე დაბალი ფასი იყო ერთეულზე 6.5 (ექვსი ლარი და 50 თეთრი) ლარი და შესაბამისად აღნიშნული ერთეულის ღირებულებით გამოცხადდა შესყიდვა. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველაზე დაბალი ფასი იყო 5 ლარი და შესაბამისად აღნიშნულ ერთეულის ღირებულებაზე გაფორმდა ხელშეკრულებები. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს ფასის შეფასებას არ ახდენს შემსყიდველი ორგანიზაცია, სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე გამართული ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი თუ აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვლინდება გამარჯვებულად. პრეტენდენტის მიერ 5 ლარად შემოთავაზებული არის თითოეულ შეფუთვაში 400 გრ. მეტი შოკოლადი და ტკბილეული,  მათ შორის სამი სხვადასხვა სახეობის შოკოლადი, ასევე „ბარნი“ და შოკოლადის ფორმის თოვლის ბაბუა, რომელიც შეფუთული არის მუყაოს ყუთში და გაფორმებულია საახალწლო თემატიკით”-გვითხრეს სააგენტოში.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება