მთავრობას კონკრეტულ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შემუშავება უნდა დაევალოს – ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, მთავრობას კონკრეტულ დროში გაწერილი, კონსენსუსზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმის შემუშავება უნდა დაევალოს, სადაც ასახული იქნება რომელმა უწყებამ რა ვალდებულება უნდა შეასრულოს.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში სამოქმედო გეგმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და მთავრობისადმი შესაბამისი მოთხოვნა პარლამენტში ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს უნდა დაემატოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს შორის. ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო დაწესებულება სპეციალურად იმ მიზნისთვის, რასაც ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერთიანება ჰქვია.

აგრეთვე მნიშვნელოვანია ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლების უკრაინასთან და მოლდოვასთან კოორდინაცია, რაც პარლამენტის რეზოლუციაში უნდა აღინიშნოს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.