პრეზიდენტის გამოსვლა იყო როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე – კარლ ჰარცელი

პრეზიდენტის გამოსვლა მიმაჩნია, რომ იყო როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე, – ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წლიური მოხსენების წარდგინების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„პრეზიდენტის გამოსვლაზე მხოლოდ ვიტყვი, რომ ეს გამოსვლა მიმაჩნია როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე დაყრდნობით, აქ, საქართველოში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება დღეს წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო. მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს.

ზურაბიშვილმა წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის ინსტიტუტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტის ინსტიტუტს მხოლოდ პატივისცემა არ ჰყოფნის, მასთან თანამშრომლობა აუცილებელია, მით უმეტეს ამ ურთულეს პერიოდში“. ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს ქვეყნის წინაშე.