IDFI-ის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ IDFI-ის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის კომპეტენცია შეზღუდულია და ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება/უმოქმედობა, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე საჭიროებს მთავრობის თანხმობას.

მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა, მას როგორც სახელმწიფო მეთაურს არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით არაფორმალური ვიზიტის ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ნებაზე და ვერც საგარო პოლიტიკის განხორციელებად ჩაითვლება.

საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული შეხვედრები არ იყო ფორმალური, ამ შეხვედრებს საქართველოსთვის არ წარმოუშვია რაიმე სახის ახალი ვალდებულება. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი, მეტიც, ვალდებულიც კია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შინაარსობრივი თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოში თუ საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები და ქმედებები არ გასცდენია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. მეტიც პრეზიდენტის ამგვარი ქმედებები, შეგვიძლია სახელმწიფოს მეთარის პირდაპირ კონსტიტუციურ ვალდებულებად უნდა განვიხილოთ.

ჩვენი შეფასებით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფო მეთაურმა უბრალოდ შეასრულა კონსტიტუციით მისთვის დაკისრებული კომპეტენცია/ვალდებულება. ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის გაზრდილი როლი გამოწვეულია არა პრეზიდენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური მანდატის დარღვევით, არამედ პარლამენტისა და მთავრობის პასიური მოქმედებებითა და პრობლემური შეფასებებით. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე გაჟღერებული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს. მათ შორის, მმართველი პარტიის ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება.