სირცხვილია, როცა პარლამენტისთვის მიმართვა შეუძლია გავრილოვს, მაგრამ არ შეუძლია ზელენსკის – ეს საქართველოს ისტორიაში შესაბამისად შეფასდება – დეკანოიძე

სირცხვილია, როცა საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვა შეუძლია გავრილოვს, მაგრამ არ შეუძლია პრეზიდენტ ზელენსკის – ეს საქართველოს ისტორიაში შესაბამისად შეფასდება, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სირცხვილია.

„გადაწყვიტეს, უარი უთხრან თავისუფლებისათვის მებრძოლ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელსაც თხოვნა – მიმართოს საკანონმდებლო ორგანოს – ყველა თავისუფლებისათვის მებრძოლი ქვეყნიდან ეგზავნება. ,,ქართული ოცნების” უმრავლესობამ კი გადაწყვიტა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს უთხრას უარი. უნდა გვახსოვდეს, რას ნიშნავს უკრაინის სოლიდარობა. სოლიდარობა ეს არის ერთიანი აზრი, ერთიანი პოზიცია, დახმარება, იმის გამჟღავნება და სურვილი, რომ საქართველოს ხელისუფლება სოლიდარულია თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის მოწვევით რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტი გავრილოვი საუბრობდა, რომელმაც მოქალაქეებს რუსულ ენაზე მიმართა. ეს ადამიანი არა მხოლოდ კრემლთან ასოცირებული პირი, არამედ საქართველოს მტერი. ამის შემდეგ ,,ქართული ოცნება” უარს ეუბნება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვაზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.