,,დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება” – ჯანდაცვის მინისტრი

დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჰოსპიტალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია, 800-ზე ნაკლები ადამიანი მკურნალობს ჰოსპიტალში, სიკვდილიანობის რაოდენობაც საგრძნობლად შემცირებულია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 643 295 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 601 578 , გარდაიცვალა 16 678 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.