საშინელება იქნება შიმშილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას უახლოვდება – უკრაინა მუდამ იყო სურსათის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი, მაგრამ როგორ შევძლებთ რუსეთის საარტილერიო დარტყმების ქვეშ თესვას? – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა. მან მადლობა გადაუხადა იტალიელ ხალხს და მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა იტალიელებს სთხოვა, ნუ მისცემენ მკვლელებს იტალიის კურორტებში დასვენების საშუალებას.

„ეს არის ომი, რომელსაც რუსეთი და ერთი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა. ნავთობისა და გაზის ექსპორტით უზარმაზარი რაოდენობის თანხა გამოიმუშავეს, რომელიც ომის მოსამზადებლად მიმართეს და არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ. მათი მიზანი ევროპაა. გავლენის მოხდენა თქვენს ცხოვრებაზე, თქვენი პოლიტიკის კონტროლი, თქვენი ღირებულებების განადგურება, არა მხოლოდ ჩვენის. უკრაინა რუსული არმიისთვის არის კარიბჭე ევროპაში. მათ შემოჭრა უნდათ, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა გაუვიდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მსოფლიო შესაძლო შიმშილის შესახებ გააფრთხილა.

„საშინელება იქნება შიმშილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას უახლოვდება. უკრაინა მუდამ იყო სურსათის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი, მაგრამ როგორ შევძლებთ რუსეთის საარტილერიო დარტყმების ქვეშ თესვას? როგორ შევძლებთ თესვას, როდესაც მტერი განზრახ ნაღმავს ველებს, ანადგურებს საწვავის ბაზებს? ჩვენ არ ვიცით, როგორი მოსავალი გვექნება და შევძლებთ თუ არა ექსპორტს, მაშინ, როცა ჩვენი პორტები დაბლოკილი და დაკავებულია. ამ ომის შედეგებს ყველგან გრძნობენ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, არა მხოლოდ ევროპაში. უკრაინა არასოდეს დაივიწყებს თქვენს სითბოს და ძალას, რომელმაც ერთი ადამიანი უნდა შეაჩეროს, მხოლოდ ერთი, რათა გადარჩნენ მილიონები“, – განაცხადა ზელენსკიმ.