თუ დათოვლილი გზების გაწმენდაში მოსახლეობაც დაგვეხმარება, მადლობელი ვიქნებით – საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს გზა ადამიანმა, მგონი, არ წარმოადგენს პრობლემას – კალაძე

მეექვსე დღეა, რაც ქალაქში თოვს – მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ცენტრალური ქუჩები სუფთა იყოს, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, ბოლო დღეების განმავლობაში 5000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი გამოიყენეს, სამუშაოების შეფერხებას კი იწვევს გადაუღებელი თოვა.

მან მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდა, კერძოდ, თავად გაწმინდონ საკუთარ სახლთან არსებული ტერიტორია.

„თუ იქნება მხარდაჭერა მადლობელი ვიქნებით. საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს ადამიანმა, მგონი არ წარმოადგენს პრობლემას. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ჩართულია კონკრეტული სივრცის გაწმენდით სამუშაოებში“,- აღნიშნავს კალაძე.