‘თუ სასამართლოს მიერ რჩეულიშვილები არ გასამართლდნენ და მათი დანაშაული არ დამტკიცდა, ჩვენი საშველი არ იქნება!”

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფოდ საპატიმროს გარეთ მკურნალობას საჭიროებს. სოციალურ ქსელში მაია რჩეულიშვილის მხარდამჭერები წერენ, რომ ის 46 კილო გახდა და “ცოდოა ისევ ციხეში დარჩეს”, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და ამ შემთხვევაში მეორე მხარე ის დაზარალებული მოქალაქეები არიან, რომლებიც წლებია კუთვნილ ფართს ელოდებიან.

„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა შორის არის ეკატერინე შაფათავაც, რომელიც 2003 წლიდან ელოდება კუთვნილ ფართს და იმდენი ნერვიულობა გამოიარა, ჯანმრთელობის მდგომარეობა არც მას აქვს სახარბიელო.

-„ნურავინ გაბრიყვდება მთავრობაში და მათ დაცვას ნუ შეეცდება, თორემ ძალიან ცუდად შეუბრუნდებათ “არამიზნობრივად გახარჯული ჰუმანურობა”. ერთხელ და სამუდამოდ კანონი გახდეს უზენაესი და განურჩევლად სქესისა, ასაკისა და სოციალური სტატუსისა, ყველა თანაბარი იყოს მის წინაშე!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს!!! და მორჩეს ეს პოლიტიკური ვაჭრობა!“-ამბობს ქალბატონი.

როგორც დაზარალებული, როგორ ფიქრობთ-მაია რჩეულიშვილი უნდა იჯდეს ციხეში თუ სასწრაფოდ დაევალოს, მოეთხოვოს როგორც უნდა, რა სახსრებითაც და საშუალებითაც  მოსახლეობა დააკმაყოფილოს? რომელი ფორმა უფრო მისაღებია თქვენთვის?

-კანონმდებლობის მიხედვით, ვერც ერთი უწყება ვერ მოსთხოვს და ვერ დაავალდებულებს ვერც ერთ ბიზნესს, რაიმეს კეთებას, ეს კერძო საქმეში ჩარევა გამოვა. ერთადერთი გზა, დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად, არსებული საჩივრების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება და ბრალის დამტკიცებაა, რომლის შემდეგაც შესაძლებელი გახდება დამნაშავეების ქონების კონფისკაცია და დაზარალებულთა სასარგებლოდ განკარგვა, ასე რომ, თუ  სასამართლოს მიერ თუ რჩეულიშვილები არ გასამართლდნენ და მათი დანაშაული არ დამტკიცდა, ჩვენი საშველი არ იქნება!

ამის დასტური ისიცაა, რომ 2013 წელს, როცა ბრალი წარედგინათ 4 წლიანი მუხლით, გირაოთი გარეთ იმ პირობით დატოვეს, რომ  წელიწადნახევარში 11 ობიექტის მშენებლობას დაასრულებდნენ, დანარჩენსაც 2018 წლამდე ჩააბარებდნენ. დამისახელეთ ერთი მაინც, რომელიც ექსპლუატაციაში  შევიდა, ბოლო სამი წლის მანძილზე (რა ექსპლუატაციაზეა საუბარი, აგური აგურზე არ დაუდიათ, სამაგიეროდ ახალი სქემით, კიდევ თანხებს გვაწერდნენ) იმასაც გეტყვით, რომ რამოდენიმე თვის მანძილზე, სანამ ბრალი დაუმძიმდებოდათ, პროკურატურა სთავაზობდათ მშენებლობების ინვესტორებზე გადაცემას, მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს ვახომ და მაიამ, ჩვენი ერტადერთი მოთხოვნაა გასამართლდნენ და დამტკიცდეს დანაშაული.

 

კომენტარის დატოვება