„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები განცხადებას ავრცელებენ

„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებული ათასობით ოჯახი გულგრილი ვერ დარჩება ახლახანს აგორებული პიარ-კამპანიის მიმართ, რომელიც იმართება თაღლითობასა და მითვისებაში ბრალდებულ, წინაპატიმრობაში მყოფ მაია რჩეულიშვილის მხარდასაჭერად.

აღნიშნული კომპანია არის ბოლომდე სიცრუეზე აგებული და მისი ერთადერთი მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ამათი საკუთარი პასუხისმგებლობებისაგან თავის არიდებაა. მათი უპირველესი მოთხოვნა, რომ ბრალდებული განთავისუფლებული უნდა იქნას, რადგან ვითომდა საჭიროებს მკურნაობას, არის აბსურდი. კანონმდებლობის მიხედვით პატიმრის სტატუსი არ ზღუდავს მათ ჩაიტაროს საჭირო მკურნალობა საპატიმროს გარეთ არსებულ ნებისმიერ სტაციონარში. შესაბამისად, ბრალდებული მაია რჩეულიშვილს უტარდება საჭირო მკურნალობა. იგი ამჟამად მოთავსებულია და მკურნალობას გადის „ჩაფიძის გულის ცენტრში“ (ჩაფიძის კლინიკა), რაზეც რატომღაც არავინ არ საუბრობს.

ასევე გვინდა შეგახსენოთ, რომ ბრალდებული მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და ივანე ცაგურია, ერთხელ უკვე გათავისუფლდნენ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ, 16 პარლამენტარის თავდებობით, იმ პირობით, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველა დაზარალებულს დააკმაყოფილებდნენ. მეოთხე წელია მას შემდეგ, მაგრამ ისევ მრავალი ადამიანია დარჩენილი ღია ცის ქვეშ, მრავალი კი ინვესტირებული თანხების დაბრუნების მოლოდინშია. ცენტრ-პოინტს საკმარისზე მეტი დრო ქონდა იმისათვის რომ ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინა მაგრამ პირიქით, განთავისუფლების შემდეგ ისევ გააგრძელეს თაღლითობა და ფინანსური პირამიდის შენება, რითიც კიდევ უფრო დაგვაზარალეს, ისედაც დაზარალებული მენაშენეები. სხვადასხვა მიზეზით უკანონიოდ ითხოვდნენ ჩვენგან დამატებით თანხებს და ამ თანხებსაც არამიზნობრივად განკარგავდნენ, პირადი ინტერესების გათვალისწინებით და არა აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, დაზარალებულებს გვიწევს სატელევიზიო არხებით ტირაჟირებული ტყუილების მოსმენა და კიდევ უფრო მეტიც, ცინიკური დამოკიდებულების ატანა ცენტრ პოინტის მესვეურთა მხრიდან. განსაკუთრებით ვახტანგ რჩეულიშვილისაგან.

დაუმთავრებელ, საერთოდ არაშენებულ კორპუსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომლის უმეტესობაც ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში უნდა ჩაბარებულიყო, მათ მიერ დასრულებულად წოდებულ არცერთ კორპუსში არ არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. არც ერთ ობიექტზე არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ არის ელემენტარული გაზი, წყალი, ელექტროენერგია, ლიფტები. არ არის მოწესრიგებული ეზო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის აქტივობა და მით უმეტეს პეტიცია, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის – დამნაშავის ინტერესებს გამოხატავს და არაფრად აგდებს მეორე მხარის – ოფიციალურად, სამართლებრივად აღიარებულ დაზარალებულთა ინტერესებს. მით უმეტეს მიუღებელი და დამამცირებელია ამ „ჰუმანური“ საზოგადოების მხრიდან ისედაც მორალურად და მატერიალურად განადგურებული მრავალი ათასი ადამიანის მისამართით გამოთქმული უამრავი შეურაწყოფა დ იგნორი. დღეს, როდესაც გაგვიჩნდა იმედი, რომ სამართალი იზეიმებს! და რომ დამნაშავე დაისჯება ასაკის, ეროვნების, აღმსარებლობის, სქესისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად, დაზარალებულებს დაუპირისპირდა საზოგადოება, რომელიც დუმდა ათეული წლის მანძილზე. თვალებს ხუჭავდა დაზარალებულების საპროტესტო აქციებზე, პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ზომებზე. არ ყოფილა არანაირი თანაგრძნობა, როდესაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა ამ პროცესებმა.

რატომღაც ვერ ამჩნევდნენ, დღეს მხოლოდ დამნაშავის ბედით უსაზღვროდ აღშფოთებული ჟურნალისტები , მსახიობები, მომღერლები, მწერლები… რატომღაც არ აღელვებულან, არ შეუგროვებიათ ხელმოწერები ჩვენს დასაცავად. მიუხედავად არაერთი წერილობითი მიმართვისა ომბუცმენთან და უფლებადამცველებთან, დღემდე არავის უცდია ჩვენი გათელილი უფლებების დაცვა.

სამწუხაროა, რომ პეტიციებზე ხელისმომწერ არცერთ ჟურნლისტს სტატიების წერისას აზრადაც არ მოსვლია ზოგადად საკითხში გარკვევა, მით უმეტეს ინფორმაციის გადამოწმება დაზარალებულ მხარესთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, დაზარალებული მოსახლეობის შეშფოთება მართლმსაჯულებისათვის თავის არიდების მიზნით ცენტრ-პოინტის მიერ აგორებული სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟთან დაკავშირებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლო ბოლომდე დარჩება ობიექტური, არ მოექცევა ამ სიცრუისა და ე.წ. „ელიტარული“ ისტერიის გავლენის ქვეშ და ბოლომდე დაიცავს ათასობით დაზარალებული ადამიანის ინტერესებს.

კომენტარის დატოვება