სანქციებზე არმიერთებამ გამოიწვია უკრაინული მხარის ეჭვები – ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს, პოზიცია, რომ სანქციებს არ უერთდება, გულისხმობს თუ არა ტვირთების გატარებას რუსეთში – პაატა მანჯგალაძე

სანქციებზე არმიერთებამ გამოიწვია უკრაინული მხარის ეჭვები – უნდა უპასუხოს საქართველოს ხელისუფლებამ, პოზიცია, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, გულისხმობს თუ არა ორმაგი დანიშნულების ტვირთების გატარებას რუსეთში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინასთან კომუნიკაცია უნდა შედგეს.

„საქართველომ უკრაინას უნდა უპასუხოს, რომ არანაირი ორმაგი დანიშნულების ტვირთი საქართველოს გავლით არ გადის. სანქციებზე არმიერთებამ გამოიწვია უკრაინული მხარის ეჭევები. აქ საუბარი არ არის შაქრის, პურის ფქვილის ან ღვინის გატანაზე რუსეთში, საუბარი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთებზე. უნდა უპასუხოს საქართველოს ხელისუფლებამ, პოზიცია, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, გულისხმობს თუ არა ამ ტვირთების გატარებას რუსეთში.

საქართველოს ხელისუფლება საუბრობს, რომ სანქციებს არ უერთდება, ახლა უნდა გაგვიმარტონ, რა ნაწილში არ უერთდებიან. ეჭვები აღძრა და გააჩინა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებმა. უკრაინული მხარის ინფორმაცია არის როგორც ჩანს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია და კომუნიკაცია, ამას არ სჭირდება აჟიოტაჟი, უკრაინულ მხარეს აქვს ვალდებულება ამ ინფორმაციის გაზიარების ქართულ მხარესთან და ქართულ მხარის ვალდებულებაა, კარგად აუხსნას ჩვენს პარტნიორებს, რომ არანაირი სამხედრო, ორმაგი დანიშნულების ტვირთების მიწოდება არ ხდება რუსეთისთვის,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.