,,თქვენ რომ 9 აპრილს საქართველოს ხელისუფლებაში ყოფილიყავით, 9 აპრილის მონაწილეები თქვენთვის აუცილებლად იქნებოდნენ პროვოკატორები, ეროვნულ მოძრაობას დაარქმევდით „ომის პარტიას“ – ანა წითლიძე ხელისუფლებას

„თქვენ რომ 9 აპრილს საქართველოს ხელისუფლებაში ყოფილიყავით, 9 აპრილის მონაწილეები თქვენთვის აუცილებლად იქნებოდნენ პროვოკატორები. ეროვნულ მოძრაობას დაარქმევდით „ომის პარტიას“, შეეცდებოდით რომ ქართველი ხალხისთვის საკითხი დაგეყენებინათ ასე- თავისუფლება თუ მშვიდობა და დაგავიწყდებოდათ, რომ მშვიდობა თავისუფლების გარეშე არის მონობა“,-ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა ანი წითლიძემ საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მთავარი რაზეც ხელისუფლებას ქართველი ხალხი უნდა ელაპარაკოს არის ხელისუფლების წასვლა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს.

„ყველაზე მთავარი რაზეც თქვენ ქართველი ხალხი უნდა გელაპარაკოთ არის ის, როდის აღარ იქნებით ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოთ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს.

რაც არ უნდა ილაპარაკოთ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსზე, რაც არ უნდა დაადანაშაულოთ ოპოზიცია, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იკადრებთ ყველაფერს და იკადრებთ იმასაც, რომ იყოთ ჩვეულებრივი, პუტინის მონები და ამ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი ჩააბაროთ რუსეთს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მცდელობა ამ ყველაფრის, თქვენ ძალიან მალე მოგიწევთ ის, რომ აღარ იყოთ ხელისუფლებაში“,-განაცხადა ანი წითლიძემ.