„ამ ეტაპზე რეგულარის ტიპის ბენზინის 3 ლარამდე გაიაფება მოსალოდნელი არ არის” – ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ გლობალურ ბაზრებზე დაწყებული საწვავის გაიაფება საქართველოზეც აისახება, თუმცა ეს მყისიერად ვერ მოხდება.

მისივე თქმით,  ამ ეტაპზე რეგულარის ტიპის ბენზინის 3 ლარამდე გაიაფება მოსალოდნელი არ არის.

„ჯერ კიდევ გაყიდვაშია მაღალი ფასით იმპორტირებული საწვავი. ეს განაპირობებს, რომ ფიქსირდება ისტორიულად მაღალი ფასი საწვავზე საქართველოში.

საწვავის გაიაფების გლობალური პროცესი უკვე დაწყებულია. ფასების შემცირება არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე უკვე აისახა. ბრენდირებულმა სადგურებმა საქართველოში გადაწყობა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს.

3 ლარიან ნიშნულზე საწვავის, მათ შორის რეგულარის ტიპს საწვავის ჩამოსვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა, რიგი გასამართი სადგურები ამ კატეგორიის პროდუქტს 3.25-3.30 ლარის ფარგლებში უკვე ყიდიან“,- განაცხადა  მთვრალაშვილმა.

საქართველოში საწვავის მოსალოდნელი გაიაფება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა და ნავთობიმპორტიორებს თხოვა, დააკორექტირონ ფასი.