18-დან 24 აპრილამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია, რამდენიმე მცენარის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება – ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, 18-დან 24 აპრილამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი სოციალურ ქსელში წერს.

ის აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის კვიპაროსის მტვრის მარცვლები კვლავ მაღალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.

„თხილმა (Corylus), მურყანმა (Alnus) და თელამ (Ulmus) დაასრულეს ყვავილობა. ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლები კვლავ მაღალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში. ვერხვის (Populus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

იფანის (Fraxinus) და ნეკერჩხლის (Acer) მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში. რცხილას (Carpinus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ჭადარის (Platanus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება. ყვავილობა დაიწყო მუხამ (Quercus), წიფელმა (Fagus) და კაკალმა (Juglans) მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მათი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.

დამტვერვა დაიწყო თუთამ (Morus) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალ ნიშნულზე, თუმცა მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.

მოსალოდნელია დამტვერვა დაიწყოს ფიჭვმა (Pinus) და დაფიქსირდეს მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით, მაგრამ მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები. მოსალოდნელია ყვავილობა დაიწყოს ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანმა მცენარეებმა, მარცვლოვნებმა (Poaceae) და დაფიქსირდეს მათი მტვრის მარცვლებიც დაბალ ნიშნულზე. სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.