ჯეიმს აპატურაი – მადრიდის სამიტზე ველოდები ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის

მადრიდის სამიტის დროს ველოდები, ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, მისთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება ახალი როლით.

„ჩემი შემცვლელი, სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კალომინა მომავალ კვირაში იქნება საქართველოში. აქ ვიმყოფები ნატო-ს ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი საქართველოსა და ევროპაში სხვა პარტნიორების მხარდასაჭერად ამ ძალიან რთულ გარემოში“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა უსაფრთხოების რუკა ევროპაში და შეცვალა ის გრძელვადიანად.

„არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ნატო-ს ქვეყნებმა უკვე მიიღეს ალიანსისთვის. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ ეს ომი შეჩერდეს. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია, თუმცა ამასთან, ნატო-ს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი უახლოესი პარტნიორების მხარდასაჭერად, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამიტომ ვარ აქ, რათა განვიხილო კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროები, ენერგოუსაფრთხოება. კიბერთავდასხმები იყო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ნაწილი ვიდრე დაიწყებოდა სამხედრო მოქმედებები და ის აგრძელებს კიბერთავდასხმებს სამხედრო მოქმედებების დროსაც“, – განაცხადა აპატურაიმ.